საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ომბუდსმენობის კანდიდატებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ჯერჯერობით უმრავლესობას არც ერთი მათგანის მხარდაჭერაზე არ უმსჯელია.
შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა მხარს „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელ დირექტორს, ქეთევან ჩაჩავას და იცნობს თუ არა მას, მდინარაძე პასუხობს, რომ ამ ადამიანს არ იცნობს და არ ესმის, ჟურნალისტმა ის რატომ გამოარჩია.
ჟურნალისტმა განმარტა, რომ „ოცნების“ წევრებმა კანდიდატების ნაწილის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება უკვე გამოხატეს. მათ შორის, იგულისხმება არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებული 3 კანდიდატი: ნაზი ჯანეზაშვილი, გიორგი ბურჯანაძე და ანა აბაშიძე.
„რა კვეთა გაქვთ მასთან, არ ვიცი, რა კუთხით მეკითხებით, ისიც არ ვიცი. 19-დან არც ერთზე კონკრეტულად ჯერ მსჯელობა არ გვქონია, არც მასზე, ვისზეც მეკითხებით. ჩვენი მხრიდან საუბარს აზრი არ აქვს, მარტო უმრავლესობის მხარდაჭერა ვერც ერთი კანდიდატის გაყვანას ვერ უზრუნველყოფს, თუ ოპოზიციურმა პარტიებმა რომელიმეს მხარი არ დაუჭირეს და კონსესუსი არ შედგა, ვერც ერთს ვერ გავიყვანთ. სახელებზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, ჯერ იქნებ შევჯერდეთ რომელიმე კანდიდატზე და მერე გადავალთ სახელებზე“, – განაცხადა მდინარაძემ.
სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა კანდიდატმა მიმართა. მათგან ერთ-ერთია ქეთევა ჩაჩავა, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი.
პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული რეზიუმეს თანახმად, სამოქალაქო აქტივისტსა და უფლებადამცველ ქეთევან ჩაჩავას სამოქალაქო სექტორში 17-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.
მისი სამუშაო მიმართულება, ძირითადად, მოიცავს ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიზაციას, ინტერრელიგიურ დიალოგის და ევროინტეგრაციის მიმართულებას.
რეზიუმეში აღნიშნულია, რომ ჩაჩავა იყო ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი 70-ზე მეტი პროექტის ხელმძღვანელი, ხელმძღვანელობდა ადვოკატირებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს; იყო არაერთი კომისიის და სამუშაო ჯგუფის წევრი, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების და საკანონმდებლო რეფორმების კუთხით.
„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ გარდა ქეთევან ჩაჩავს აქვს ევროპის საბჭოში ექსპერტად, „ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორად მუშაობის გამოცდილება. დღემდე არის „სექტორი 3-ჰაბი განვითარებისთვის“, სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედის“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრი, „მსიოფლიო მოძრაობა დემოკრატიისთვის“ აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.
2010-2021 წლებში მუშაობდა არჩევნებზე ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებში, 2012 და 2022 წელს კი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებში ეუთო/ოდირის მანდატით სერბეთსა და სომხეთში.
ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ტექნიკურ უნივერსიტეტში სოციალური მეცნიერებების მიმართულებით, არის პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორანტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში და სტრატკომის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ლონდონის სამეფო კოლეჯში.