პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი დღეს პირველად გამოეხმაურა მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებას. კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მიმართულების ცალკე სამინისტროდ გამოყოფა მან დადებითად შეაფასა.
„გამოყოფის საკითხს დადებითად ვაფასებ“, – განუცხადა მან „რუსთავი 2-ს“.
შეკითხვაზე, იქნება თუ არა ის ახალი სამინისტროს ხელმძღვანელი, პასუხობს: „არ ვიცი“.
იგეგმება თუ არა თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნა? – დღეს, მთელი დღის განმავლობაში „ქართული ოცნების“ დეპუტატები აცხადებდნენ, რომ ამ თემაზე დისკუსია მიმდინარეობს.
როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატი ქეთევან დუმბაძე ამბობს, „ალბათ, მაქეთ მიდის საქმე“. კიდევ ერთი დეპუტატი მაია მენაღარიშვილი კი ამბობს – „როგორც ვიცი, იგეგმება“. ელისო ბოლქვაძის აზრით, „თეა წულუკიანი იქნება ბრწყინვალე მინისტრი იმიტომ, რომ ძალიან პრინციპულია“.
შეკითხვაზე, კვალიფიცური კანდიდატია თუ არა წულუკიანი კულტურის მინისტრობისთვის, ბოლქვაძე პასუხობს:
„რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ უჭკვიანესი ადამიანია“, – განაცხადა ბოლქვაძემ და დასძინა, რომ მან არ იცის, იგეგმება თუ არა თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად წარდგენა, თუმცა, მისივე თქმით, ამ საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, წულუკიანს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ჩააბარებენ, „რაზეც მმართველ გუნდში კონსულტაციები უკვე შედგა“.
#cancelThea – თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად შესაძლო დანიშვნის წინააღმდეგ მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს, რომელსაც უკვე ხელს აწერს კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი.