„არ ვიცით სამი შემთხვევის პირველწყარო. ამ სამიდან ერთზე დიდი იმედი გვაქვს, რომ დავადგენთ, მაგრამ ორი შემთხვევის ნამდვილად არ ვიცით და, ალბათ, ვერ დავადგენთ. ამ ორ შემთხვევაში, უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ ძალიან მაღალი ალბათობით, გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი”, – განუცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „მაესტროს“.
„არის ეს ხალხი ქვეყანაში, სადაც უკვე არის ნიშანი, განგაშის ნიშანი შიდა გადაცემისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება ვიღაცისგან, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და ის ინფიცირებული ადამიანი დადის უკვე ქვეყანაში და ის უკვე სხვას ასნებოვნებს. თვითონ ეს ფაქტია ძალიან საყურადღებო და, ვიტყოდი, საგანგაშო”, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებში ვითარება უარესდება. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ მიმოსვლა შეჩერებულია, მაინც არის საფრთხე იმისა, რომ შემოვიდეს ინფექცია. „ეს რეალურია და ეს მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს და გაითავისოს”, – აცხადებს გამყრელიძე.