„არ ვიტყოდი, რომ ჩიხია“ - დეგნანი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებზე

პუბლიკა

ამერიკის ელჩი კელი დეგნანიფორმულასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში არ არის შესული. ელჩი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო ინტერესს პარტიულ ინტერესზე მაღლა დააყენებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„არ ვიტყოდი, რომ ჩიხია. ვნახე, რომ იყო ნამდვილი სურვილი ჩართულობისა და გამოსავლის მოსაძებნად, პოზიციებს შორის დიდი სხვაობის მიუხედავად. ჩემთვის იმედის მომცემია ის, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული ერთი მიზნის მქონე 9 პარტია ჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, ერთმანეთს უხსნის საკუთარ შეხედულებებს და ეძებს არჩევანს, რომელიც შეიძლება იყოს გზა წინსვლისთვის.

ახლა ჩვენ გვინდა ვნახოთ პოლიტიკური ნება, პოლიტიკური გამბედაობა გადაწყვეტილების მიღებისკენ ნაბიჯის გადასადგმელად. დარწმუნებული ვარ, პარტიები ამას გააკეთებენ, პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ საქართველოს ინტერესებს და გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – ამბობს დეგნანი.

ამერიკის ელჩის თქმით, მოლაპარაკებების პროცესში მხარეებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, მათ შორის, საარჩევნო სისტემის ცვლილების ნაწილში, მათ განხორციელებას კი, ელჩის მოსაზრებით, არჩეული დეპუტატების პარლამენტში შესვლა სჭირდება.

„იმედისმომცემი იყო ისიც, რომ ამ პარტიებმა შეათანხმეს საარჩევნო რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალში არჩევნებზე აღარ იქნება ისეთი დარღვევები, რომლებიც წარსულში ბევრი წლის განმავლობაში ვლინდებოდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”,- ამბობს დეგნანი, – “არ დაიგეგმება არჩევნები იგივე სისტემით, რომელიც ადრე არ მუშაობდა კარგად. მაგრამ ეს  მოითხოვს, რომ ყველა წევრი იყოს პარლამენტში, მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილება და იბრძოლოს ცვლილებებისთვის პარლამენტის შიგნიდან“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.