არ ვსაუბრობთ იძულებით აცრაზე. დარწმუნებულნი ვართ, ჩვენი მოქალაქეები არიან საკმაოდ გონიერები - ტიკარაძე

პუბლიკა

„არ ვსაუბრობთ იძულებით აცრაზე. დარწმუნებულნი ვართ, ჩვენი მოქალაქეები არიან საკმაოდ გონიერები და ზრუნავენ, როგორც საკუთარ თავზე, ასევე ნათესავებზე. იმ საინფორმაციო არხებით, რომელიც სამინისტროს აქვს მობილიზებული, ჩვენ შევძლებთ, დავარწმუნოთ მოქალაქეები, მიიღონ გადაწყვეტილება ვაქცინაციასთან დაკავშირებით“, –  განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრის კომენტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

როგორც მინისტრი ამბობს, ჰქონდათ მოლოდინი, რომ ვაქცინაციის ტემპი შედარებით დაიკლებდა. აქედან გამომდინარე, უწყებას გაზრდილი აქვს კომუნიკაცია პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან, იმ ადამიანებთან, ვისაც აქვს უშუალო კომუნიკაცია და ეწევა საინფორმაციო კამპანიას მოსახლეობასთან.

„ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან. მათ მიცემული აქვთ როგორც დავალებები, ასევე მითითებები, როგორი უნდა იყოს მათი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ასევე, ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, რომელ რეგიონში და რომელ უბანზეა დაბალი აქტივობა. სწორედ ამით ხელმძღვანელობენ პირველადი ჯანდაცვის ექიმები. მნიშვნელოვანია, მათი გააქტიურებით მოხდეს ვაქცინაციის ტემპის გაზრდა. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ 60 წელს ზევით მოსახლეობის საკმაოდ მცირე ნაწილი არის ვაქცინირებული. ჩვენთვის კრიტიკულია სწორედ ამ ასაკის მოსახლეობის აცრა, ვინაიდან სწორედ ამ ჯგუფში არის მაღალი ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაციაში მოთავსება და ლეტალობა.

თუ არ მოხდა ამ ჯგუფის მაქსიმალური მოცვა შემდგომი ტალღის პერიოდშიც, მიუხედავად იმისა, რა მაჩვენებელი გვექნება შედარებით ახალგაზრდების ჯგუფში, მაინც გვექნება გადატვირთული ჰოსპიტალები და საკმაოდ მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი. დღესდღეობით, 60 წლის ზევით მოსახლეობაში ვაქცინაციის მაჩვენებელი არის მხოლოდ 21%, რაც ნამდვილად ძალიან დაბალია. ამ ეტაპისთვის სავალდებულო ვაქცინაციაზე არ გვაქვს მსჯელობა, ვინაიდან მნიშვნელოვანია, ჯერ ოპტიმალურად იყოს გამოყენებული საკონსულტაციო რესურსი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

22 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 686 412 აცრა;

სულ მცირე, 1 დოზით ვაქცინირებულია 956 417 ადამიანი,  მოზრდილი მოსახლეობის – 33.5%;

სრულად ვაქცინირებულია 729 995 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის – 25.6%;

21 სექტემბერს აიცრა 13 962 ადამიანი.