არ ვწყვეტთ ძალისხმევას, დავარწმუნოთ და მოვუწოდოთ მთავრობას, არ მიიღოს ეს კანონი - დეგნანი

პუბლიკა

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ისინი არ წყვეტენ ძალისხმევას დაარწმუნონ და მოუწოდონ საქართველოს მთავრობას, არ მიიღოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“.

„მოვუწოდებთ პარლამენტს, გადასინჯოს ეს კანონპროექტი, მისი მიღება არ არის აუცილებელი, რადგანაც ისედაც არსებობს გამჭვირვალობა იმ უცხოურ დახმარებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში გამოიყენება. ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა და გამოიწვევს იმ ორგანიზაციების მუშაობის შეწყვეტას, რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ ქართველების, ამ ქვეყნის დასახმარებლად. ის არ შეესაბამება საქართველოს საუკეთესო ინტერესებს“, – თქვა კელი დეგნანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ  აშშ, გაერო, ევროკავშირი, ევროსაბჭო და საქართველოს ბევრი მეგობარი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას, განსხვავებულ აზრს, ისევე, როგორც ეს გააკეთა მსგავსმა კანონმა რუსეთსა და რუსეთის მსგავს სხვა ქვეყნებში.