არ წაართვათ სტუდენტებს განათლებაზე წვდომა და ღირსების, სამართლიანობის რწმენა - ნაცვლიშვილი შარვაშიძეს

პუბლიკა

„გთხოვთ, გადახედოთ მიღებულ გადაწყვეტილებას, რათა ათასობით სტუდენტს არ წაართვათ არამხოლოდ წვდომა განათლებაზე, არამედ სამართლიანობის, ღირსების, თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის რწმენა, იმ ღირებულებებისა, რომელთა სადარაჯოზეც ისტორიულად იდგა ჩვენი თეთრი ტაძარი“, – დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს სწავლების ფორმატთან დაკავშირებით წერილით მიმართავს.

ანა ნაცვლიშვილი უნივერსიტეტის რექტორს გიორგი შარვაშიძეს მოუწოდებს, რომ გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებას სწავლის აუდიტორიაში განახლებასთან დაკავშირებით; გაითვალისწინოს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და ამასთან ის საკითხიც, რომ თავად სასწავლებელი ვერ უზრუნველყოფს სტუდენტებს შესაბამისი სტანდარტების და სიდიდის სტუდენტური საცხოვრებლით.

„შევიტყვე, რომ 2022 წლის 2 მაისიდან, აუდიტორიული საუნივერსიტეტო სწავლების დაწყების პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს არ სთავაზობს ალტერნატიულ, ჰიბრიდულ სწავლების ფორმატს, რაც ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე აყენებს სტუდენტებს რეგიონებიდან, რომელთა ხვედრითი წილი უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის, დამეთანხმებით, საკმაოდ დიდია.

მოგეხსენებათ, სასწავლო სემესტრის დასრულებამდე დარჩენილია მხოლოდ 2 თვე, ფასების საშუალო მაჩვენებელი ბინებზე კი საგრძნობლად გაზრდილია და ამასთან, ბინის გამქირავებლები ერიდებიან მსგავსი ხანმოკლე ხელშეკრულებების გაფორმებას.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს ფაქტობრივად ესპობათ სწავლის გაგრძელებისა და განათლების მიღების ფუნდამენტური უფლება“, – წერს ის.

მისი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან გადაწყვეტილება სწავლების ფორმატთან დაკავშირებით მიღებული უნდა ყოფილიყო როგორც აკადემიურ პერსონალთან, ისე სტუდენტებთან ფართო კონსულტაციების შედეგად.

ნაცვლიშვილის თქმით, უცილებელია გარდამავალი პერიოდის დაწესება და სწავლების ჰიბრიდული რეჟიმის უზრუნველყოფა, როგორც ეს არაერთმა სხვა უმაღლესმა სასწავლებელმა გააკეთა.

„სამწუხაროა, რომ თქვენი მხრიდან ამის უზრუნველყოფა არ მოხდა. ჰიბრიდული რეჟიმის შეთავაზებაზე უარის თქმა, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის რეალობის გაუაზრებლად მიღებული, გაუმართლებლად მკაცრი გადაწყვეტილება, რომელიც მოკლებულია საჭირო არგუმენტაციას და ლეგიტიმურ მიზანს.

გთხოვთ, რეალისტურად შეაფასოთ საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, გაითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ თავად სასწავლებელი ვერ უზრუნველყოფს სტუდენტებს შესაბამისი სტანდარტების და სიდიდის სტუდენტური საცხოვრებლით და გადახედოთ მიღებულ გადაწყვეტილებას, რათა ათასობით სტუდენტს არ წაართვათ არამხოლოდ წვდომა განათლებაზე, არამედ სამართლიანობის, ღირსების, თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის რწმენა, იმ ღირებულებებისა, რომელთა სადარაჯოზეც ისტორიულად იდგა ჩვენი თეთრი ტაძარი“,- აღნიშნულია წერილში.

2 მაისიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა, რასაც სტუდენტების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სტუდენტების ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიბრიდული მეთოდით გაგრძელებას ითხოვდნენ და ამ მიზეზით აქციებს მართავდნენ.

სტუდენტები აცხადებდნენ, რომ 2 მაისს აუდიტორიებში სწავლების დაწყების შემთხვევაში, განათლების პროცესის მიღმა დარჩება ათასობით სტუდენტი – ისინი, ვინც ვერ ახერხებს ბინების გაორმაგებულ ფასებთან გამკლავებას და ისინიც, ვისაც სამსახურის დატოვება მოუწევს, ხელშეკრულების მოულოდნელად გაწყვეტის გამო.