საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის დაკვების შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მას არასოდეს შეიწყალებს.
„ქვეყნის პრეზიდენტისთვის მართალია სასიამოვნო არაა, როცა ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ კამერების წინ, თუმცა სამართალი და კანონის უზენაესობა ამას მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია. ბევრი კითხულობს დღეს პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას – პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს. იმიტომ, რომ ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება, არც იმ ადამიანების, ვინც სამართალს ელოდებოდნენ და ამ დღეს ვერ მოესწრნენ. იმიტომ, რომ ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, რომელიც მამოძრავებდა როცა ვიდექი სწორედ ამ პიჯაკით და ვებრძოდით ერთად შიშველი ხელებით რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანების უფლებებს, თავისუფალ ბიზნესს და კანონს. ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე თავის ძალაუფლებას შესწრირა; იმიტომ, რომ მან ქვეყნის პრეზიდენტისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მოქალაქეობა დატოვა და დღეს, როცა სახელმწიფო საზღვრის დარღვევით და კანონის დარღვევით შემოიჭრა ტერიტორიაზე და ამით სახელმწიფო სამართალმცველი სტრუქტურების ავტორიტეტის შელახვა სცადა. და რაც მათავარია იმიტომ, რომ აშკარად შემოვიდა, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაეთესა. ყველა საერთაშორისო რჩევებისა თუ გაფრთხილებების მიუხედავად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნა, რომ ამიერიდან კანონი იკანონებს და იწყება ახალი ფურცელი „საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის, არა რევანშის, არამედ პირიქით, დეპოლარიზაციის“.
მისივე თქმით, მასობრივი გამოსვლები არ იქნება, რადგან ქვეყანა დაიღალა და საზოგადოება სიმშვიდესა და სამართალზე ოცნებობს.
„როგორც დღეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო კანონიერების დაცვა, ასევე ამ ახალ ეტაპზე კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება ხელისუფლებას, რათა ეს ქვეყანა წაიყვანოს დემოკრატიულ ევროპულ და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. უნდა შეასრულოს ყველა დაპირება მიცემული საკუთარი მოქალაქეებისა და პარტნიორების წინაშე, იუსტიციის რეფორმების ბოლომდე მიყვანა და დეპოლარიზაცია, ევროპული რეფორმები, რათა ჩვენ 2024 წელს მართლაც შევძლოთ კანდიდატურის განცხადება. დროა, წარსულს ზურგი შევაქციოთ, დროა, ყველა პარტიამ საკუთარი ადგილი მოიპოვოს პარლამენტში და ერთად და არა ერთმანეთის წინააღმეგ ვაშენოთ ძლიერი საქართველო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.