პრემიერმა ირაკლი ღარიბაშილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ის აღნიშნავს, რომ დღეს საქართველო დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, მათ შორისაა სოციალური და გეოპოლიტიკური საკითხები. მისი თქმით, გამოწვევებისა და მიზნების გარშემო ყველა ერთად უნდა დადგეს. პრემიერი ყველა „ჯანსაღად მოაზროვნე“ პარტიას დიალოგს სთავაზობს.
„დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა კანონი, რაც იყო აუცილებელი პირობა პოლიტიკაში რადიკალიზმის შესამცირებლად და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.
კანონის აღსრულებაზე ჩვენი ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამართლისა და კანონის უზენაესობაა. თუმცა, ჩვენ არ ვითვლით მანიფესტაციაზე დღეს შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ვინაიდან ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე.
დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს.
ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა. ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის.
როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში. ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე, დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებაზე, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევაზე, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციაზე. ჩვენს სამშობლოს დასაკარგი დრო აღარ აქვს. დღეს არა დაყოფის, არამედ გაერთიანების დროს“, – განაცხადა ღარიბაშილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაცია და შესაბამისად საჭიროა სახელმწიფოს და მისი კანონების დაცვა.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა.
შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას საერთაშორისო საზოგადოებისგან, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებისგან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.
- „საქართველოს მთავრობის წარმოუდგენლად სულელური ნაბიჯი ლეგიტიმური პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ“, – ასე გამოეხმაურა ნიკა მელიას დაკავებას ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი.
- „ევროპის სახალხო პარტიის“ განხცადებით, „ნიკა მელიას დაკავება და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისზე შტურმი საქართველოს დემოკრატიაზე თავდასხმაა“.
- ევროპარლამენტარი მარკეტა გრიგოროვა ამბობს, რომ მზადდება რეზოლუცია საქართველოს შესახებ, ასევე, განიხილება მედიატორთა ჯგუფის საქართველოში გამოგზავნა.
- ევროპარლამენტარი ანა ფოტიგას განხცადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება მიუღებელია და არ შეიძლება პოლიტიკური კრიზისის ძალის გამოყენებით, აგრესიით, დამამცირებელი რიტორიკით გადაჭრა.
- ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის“ (ALDE-ს) პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და ხელისუფლებას ოპოზიციასთან თანამშრომლობით ახალი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს.
- ვროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ საქართველოში მოვლენები იმედისგამაცრუებლად განვითარდა.
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი ეხმაურება. რასმუსენის თქმით, ამ პოლიტიკური კრიზისიდან ქართველი ხალხი დამარცხებული გამოვა და მოუწოდებს პოლიტკურ ლიდერებს თავშეკავებული მოქმედებისკენ.
- NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. მისივე თქმით, NATO საქართველოსგან მოელის, რომ შეინაჩუნოს ევროატლანტიკური დემოკრატიული სტანდარტები.
- ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი გმობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე ძალადობრივ შტურმს და მოუწოდებენ პოლიტიკურ ძალებს დაუბრუნდნენ დიალოგს.