„არა-ფობიას“ მთავრობას მოუწოდებს დაუყოვნებლივ განიხილონ ზაზა აბაშიძის თანამდებობიდან მოხსნის საკითხი

პუბლიკა

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ შეშფოთებას გამოხატავს სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის, მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული ეთნიკური სიძულვილის შემცველი კომენტარის გამო.

პლატფორმა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დაუყოვნებლივ განიხილონ ზაზა აბაშიძის დაკავებული თანამდებობიდან მოხსნის საკითხი.

“გავრცელებული ინფორმაციით,  სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის, პირად ფეისბუკ პროფილით   გაკეთდა კომენტარი, რომლის თანახმადაც მარნეულის სოფლის მაცხოვრებლები უნდა „ჩაკეტონ და ამოხოცონ“, რასაც თან ერთვის გინება. კიდევ ერთ კომენტარში ზაზა აბაშიძემ მარნეულელებს ვირუსის პოტენციური გამავრცელებლები, მკვლელები უწოდა, აგინა მათ და გაიმეორა, რომ ისინი უნდა გამოკეტონ.” – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პლატფორმისათვის კატეგორიულად მიუღებელია ზაზა აბაშიძის კომენტარები. მისი პოზიცია აღვივებს ეთნიკურ შუღლს და გამოხატავს არაჰუმანურ დამოკიდებულებას  ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ, რითიც ხელს უწყობს ისედაც მოწყვლადი უმცირესობის საზოგადოებისგან უფრო მეტად გარიყვას.

“აღსანიშნავია, რომ ზაზა აბაშიძე ხელმძღვანელობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, რომელიც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ მოქალაქეთა გადასახადებით ფინანსდება, ხოლო ამ პოზიციამდე იგი რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარე იყო. აღსანიშნავია, რომ რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი დააფუძნა ა.მ. გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა, რომლის თავმჯდომარეა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.”

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პლატფორმის წევრი ორგანიზაციებისთვის, ასევე მიუღებელია ამირან გამყრელიძის თავდაპირველი განცხადება, რომლითაც იგი სოფელ მუშევნის მოსახლეობასა და ექიმებს შორის კონფლიქტს მუსლიმ სასულიერო პირებს უკავშირებს, რაც რელიგიური უმცირესობის მიმართ დისკრიმინაციის წამახალისებელია.

“მისასალმებელია, რომ ამირან გამყრელიძემ მოგვიანებით გააკეთა განმარტებები მის განცხადებასთან დაკავშირებით, თუმცა არსებული აგრესიის ტალღის ფონზე, ნებისმიერი კომენტარი, რომელიც ხელს უწყობს კონკრეტული ჯგუფის სტიგმატიზაციას, დამაზიანებელი და მიუღებელია.”

პლატფორმა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დაუყოვნებლივ განიხილონ ზაზა აბაშიძის დაკავებული თანამდებობიდან მოხსნის საკითხი;

ასევე პლატფორმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, გააკეთონ ცხადი გზავნილები ქსენოფობიური ტალღის წინააღმდეგ და ჰქონდეთ რეაგირება თითოეულ ასეთ შემთხვევაზე, მათ შორის საჯარო მოხელეების მიერ სიძულვილის ენის გამოყენებაზე;