„არა გაუგებარ, მხოლოდ რუსეთის მოსაწონ კანონს" — ომში დაღუპული ოჯახის წევრების განცხადება 

პუბლიკა

ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან.

ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უარი თქვან საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო კანონზე. ასევე – არ აღმართონ ხელი ახალ თაობაზე.

„ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, რომლებიც ისედაც დიდ ტკივილს ვატარებთ, საქართველოს ხელისუფლებას მოგიწოდებთ: გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე, ჩვენს შვილებზე, საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც აწუხებთ საკუთარი მომავალი და აქვთ კონკრეტული შიშები ამ მომავლის სწორი, არჩეული მიმართულებით განვითარებასთან დაკავშირებით.

მოგიწოდებთ, ნუ დაუპირისპირდებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს და ნურც საზოგადოებას დააპირისპირებთ ერთმანეთთან. ეს არათუ განვითარებას არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას, არ მოიტანს არაფერ კარგს საქართველოსთვის.

არა გაუგებარ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო, მხოლოდ რუსეთის მოსაწონ კანონს! კი ევროპას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის, მომავალი თაობის არჩევანს! #არარუსულკანონს”. – ნათქვამია განცხადებაში.

30 აპრილი-1 მაისის ღამეს რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ სპეცრაზმი, წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. პოლიციამ ფიზიკურად იძალადა დემონსტრანტებზე.

მათ შორის, სასტიკად სცემეს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს. მას ცხვირის და სახის ძვლების მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე 63 დემონსტრანტი დააკავა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მიზეზით.