„არა გაურკვეველ პორტფოლიოს! არა ქაღალდომანიას!“ - რას ითხოვენ პედაგოგები

პუბლიკა

10 აპრილს პედაგოგებისთვის ცნობილი გახდა, რომ წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველებს პორტფოლიოს ელექტრონულ სისტემაში ასახვისთვის ვადა თვის ბოლომდე აქვთ. პედაგოგთა ნაწილი პორტფოლიოს ელექტრონულად ატვირთვისთვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ვადებს აპროტესტებს.

პორტფოლიო მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის ამსახველ სავალდებულოდ წარსადგენ დოკუმენტებს გულისხმობს. პროფესიული გამოცდის ჩაბარებასთან ერთად პორტფოლიოს წარდგენა პედაგოგებისთვის სავალდებულო წინაპირობაა იმისათვის, რომ წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიიღოს.

პედაგოგების მიერ დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფი სათავეში ჩაუდგა კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ხმა მიაწვდინოს განათლების სამინისტროს არსებული პრობლემის თაობაზე.

გასულ წელს საინიციატივო ჯგუფი ხუთმა პედაგოგმა შექმნა, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში პრაქტიკულ საქმიანობას ეწევიან. როგორც ჯგუფის წევრი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკატერინე ჩიქოვანი გვეუბნება, საინიციატივო ჯგუფის მიზანია პედაგოგების ორგანიზება რათა მათ ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში არსებულ პრობლემებზე ხმა მიაწვდინონ სამინისტროს. სოციალურ ქსელში მათი ჯგუფი „მასწავლებლის ხმა“ ახლა 10 ათასამდე პედაგოგს აერთიანებს.

პედაგოგების აზრით სამინისტროს მიერ შეთავაზებული ვადები დოკუმენტების მომზადებისთვის და ელექტრონულ სისტემაში ატვირთვისთვის საკმარისი არ არის და არაგონივრულია.

„ნუ გვართმევთ ძვირფას დროს! დაგვაბრუნეთ ბავშვებთან!“, „მოგვეცით მეტი დრო ბავშვებთან მუშაობისთვის!“, „არა გაურკვეველ პორტფოლიოს! არა ქაღალდომანიას!“ – პედაგოგებმა აქტიური კამპანია სოციალურ სქელში დაიწყეს და მინისტრისთვის ვიდეომიმართვაც გაავრცელეს, სადაც პროტესტს გამოთქვამენ.

ეკატერინე ჩიქოვანი განმარტავს, რომ პედაგოგების პროტესტი ცალსახად პორტფოლიოს შექმნის ვალდებულებას არ უკავშირდება, მისი განმარტებით, არავინ ეწინააღმდეგება პედაგოგზე მორგებული პორტფოლიოს მომზადების ვალდებულებას თუკი პედაგოგს ადეკვატური ვადა ექნება მისი მომზადებისთვის, მაგრამ მისი შეფასებით არსებული ვადები არაადეკვატურია.

მეორე მხრივ, ის ყურადღებას ამახვილებს „ქაღალდომანიაზე“ რომელიც ფუჭად აკარგვინებს პედაგოგს ბევრ დროსა და ენერგიას. სანაცვლოდ კი მოსწავლეების სწავლა- სწავლების პროცესისთვის დადებითი შედეგის მომტანი არ არის.

„ჩვენ მასწავლებლები, ერთ ადგილას, კაბინეტებში არ ვსხედვართ, ჩვენ ძალიან ბევრ გაკვეთილს ვატარებთ, ვხვდებით ბავშვებს, ვგეგმავთ გაკვეთილებს, შეგვაქვს საჭიროებისამებრ ის მასალა, რომელიც ბავშვებს სჭირდებათ, ვზრუნავთ ჩვენს მოსწავლეებზე. ისმის ჩემი აზრით სწორი შეკითხვა, რეალურად მასწავლებელმა რომელი ერთი გააკეთოს? თან ეს ყველაფერი იმ პირობებში, როცა პედაგოგებისთვის შეფასების სქემის მიწოდებას აჭიანურებენ, სრულ ინფორმაციულ ქაოსში ამყოფებენ და მერე შეზღუდულ ვადებში იმის მომზადებას სთხოვენ, რაც რელევანტური არაა, არანაირ შედეგს არ იძლევა მოსწავლის განვითარებისთვის.

მასწავლებლებს არ უსმენენ, რათა გაიგონ შეკითხვებზე პასუხი: უშლის თუ არა ხელს ამდენი დოკუმენტების წარმოება საგაკვეთილო პროცესს? სჭირდება მასწავლებლის სამუშაოს მსგავსი პორტფოლიოების შექმნა? ვისთვის კეთდება ეს პორტფოლიო, რა მიზანს ემსახურება? ჩვენი მოთხოვნაა, რომ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც შემუშავდება მასწავლებელზე იყოს მორგებული. ეს ნიშნავს, რომ პორტფოლიო, რომელიც იდეაში ემსახურება იმას, რომ მასწავლებლის საქმიანობა იყოს აღრიცხული, ამასთანავე მასწავლებლის შედეგი დაინახოს ბავშვმა, თავის მხრივ პირველ რიგში მორგებული უნდა იყოს თავად მასწავლებელზე.“

საინიციატივო ჯგუფის კიდევ ერთი წევრი მანანა მიქავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ონარიის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. მან გამოცდა გასულ ზაფხულში ჩააბარა. 10 აპრილს მისთვის ცნობილი გახდა დამტკიცებული კრიტერიუმების შესახებ, შესაბამისად დაახლოებით 20 დღე აქვს იმისთვის, რომ პორტფოლიო წარადგინოს.

ის ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება მისთვის და მასთან ერთად სხვა პედაგოგებისთვის, რომლებმაც ზაფხულში ჩააბარეს გამოცდა დისკრიმინაციულია. მანანა მიქავა განმარტავს, რომ ისინი ვინც წელს ჩააბარებენ გამოცდას წელიწადზე მეტი დრო ექნებათ მიჰყვნენ პორტფოლიოს მოთხოვნებს და დაგეგმონ თავიანთი აქტივობები.

„კრიტერიუმების შესახებ დასაწყისშივე უნდა ყოფილიყო ცნობილი, სამოქმედო გეგმას სხვაგვარად დავსახავდით და იმ კრიტერიუმებს მოვარგებდით, რა კრიტერიუმების შესრულებასაც ახლა ჩვენგან ითხოვენ, ზოგიერთ მასწავლებელს მზად აქვს ის კრიტერიუმები რაც წამყვანის და მენტორის სტატუსის მისაღებადაა საჭირო, მაგრამ 12 აპრილს კვლავ  შევიდა ცვლილება დოკუმენტში, საბოლოო ჯამში დასვენების დღეების გათვალისწინებით გამოდის, რომ ორ კვირაში უნდა წარადგინოს ამხელა დოკუმენტაცია პედაგოგებმა.

მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან რთულია თუ მასწავლებელს ეტაპობრივად არ აქვს ამაზე ნამუშევარი, მაგრამ ამის საშუალება ჩვენ არ მოგვეცა იმიტომ რომ წინასწარ არ იყო ჩვენთვის ცნობილი რას მოგვთხოვდნენ, რა უნდა აგვეტვირთა, სად უნდა აგვეტვირთა ან რა ფორმით. სწორედ ამას მოჰყვა პროტესტი და არა ზოგადად პორტფოლიოს შევსების ვალდებულებას.

ზოგადად პორტფოლიოს წარმოებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, მე უსამართლობად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ დისკრიმინაციულ პოზიციაში აღმოვჩნდით ისინი, რომლებმაც გამოცდა გასული წლის ზაფხულში ჩავაბარეთ, წელს ვინც ჩააბარებს, მათ წელიწადზე მეტი აქვთ იმისთვის რომ პორტფოლიო მოამზადონ კრიტერიუმების შესაბამისად.“

პედაგოგებმა მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით სამინისტროს წერილობით უკვე მიმართეს. მათ მინისტრთან საუბარი არამხოლოდ პორტფოლიოსთან დაკავშირებით სურთ, საუბრის თემა ის პრობლემები იქნება, რომლებიც მათი შეფასებით ხელს უშლის პედაგოგებს პროფესიულ საქმიანობაში.

„ჩვენი მიზანია, რომ მასწავლებელს ჰქონდეს შესაძლებლობა განვითარების, საკუთარი პრაქტიკის გაანალიზების, მოსწავლეებთან ჯანსაღი ურთიერთობის – ეს ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რადგან არსებული ბიუროკრატია და უამრავი დოკუმენტის წარმოება გვართმევს მოსწავლეებთან სიღმისეული მუშაობის სიამოვნებას, ჩვენ არ გვინდა „სტატუსები სტატუსებისთვის“,- წერენ პედაგოგები სამინისტროში გაგზავნილ წერილში.

პედაგოგებს სამინისტროდან ამ დრომდე არ მიუღიათ პასუხი შეხვდებათ თუ არა მათ მინისტრი პრობლემებზე სასაუბროდ. სამინისტროს მხრიდან ამ დრომდე არც რაიმე საჯარო განცხადება გავრცელებულა პედაგოგების პროტესტთან დაკავშირებით.