არა მარტო დასავლური მედია, მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ გვაქვს გარკვეული წარმატებები – ვოლსკი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის თქმით, მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს „გარკვეული წარმატებები“. მაშინ, როცა ოპოზიცია, მისი თქმით, აღარ არსებობს, არის მხოლოდ „სააკაშვილის დესტრუქციული კლასტერი“, რომელიც ქვეყნისთვის რაც შეიძლება მეტი ზარალის მიყენებას ცდილობს.

„სამწუხაროდ, საქართველოში ოპოზიცია აღარ არსებობს, არსებობს სააკაშვილის დესტრუქციული კლასტერი, რომელიც ცდილობს, რომ როგორმე, რაც შეიძლება მეტი ზარალი მიაყენოს საქართველოს. რაც შეეხება დასავლურ მედიაში გამოქვეყნებულს, ფაქტები რომ არ გვქონდეს სახეზე, მაშინ შეიძლებოდა შეკითხვის დასმა.

არა მარტო დასავლური მედია, არამედ მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ გვაქვს გარკვეული წარმატებები და ფაქტია ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილი მნიშვნელოვნად ეხმარება საქართველოს ბიუჯეტს, საქართველოს მოსახლეობას და არამარტო ამ შემთხვევაში, როცა ვირუსს ვებრძვით. ზოგადად ორიენტირები საკმაოდ გამოკვეთილია და პოზიტიური შედეგიც თვალსაჩინოა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.