„არა ოკუპანტის ამნისტიას!“ - პარლამენტთან აქცია იმართება

პუბლიკა

„არა ოკუპანტის ამნისტიას!“ – პარლამენტთან აქცია იმართება, სადაც  2019 წლის 20 ივნისს დაზარალებულები და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან.

როგორც სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამნისტიის შესახებ კანონი არის ოკუპაციისა და კოლაბორაციონიზმის გაგრძელება, რომელსაც არ შეეგუებიან.

„20 ივნისიდან 2 წლის თავზე ჩვენ შევიკრიბეთ, რომ არა ოკუპაციას, არა კოლაბორაციონალიზმს და არა ამნისტიას, რომელიც ახდენს ამ კოლაბორაციონალიზმის და ოკუპაციის დაკანონებას. იმიტომ, რომ იქმნება პრეცენდენტი, რომ შეიძლება შენმა მთავრობამ კრემლის ბრძანებით დაგსაჯოს იმისთვის, რომ ღირსებას იცავ”, – განაცხადა ფავლენიშვილმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.

„2021 წლის 20 ივნისს ორი წელი გადის ანტისაოკუპაციო აქციის დარბევიდან, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ჩაჯდომას მოჰყვა. დღეს, როდესაც საქართველოს პარლამენტში ორი მოსმენით მიღებულია კანონპროექტი, რომელიც ამ გამოუძიებელ დანაშაულებრივ ფაქტზე ამნისტიას აცხადებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სწორედ 20 ივნისს აქციაზე პატრიოტული მოტივით მდგარმა დემონსტრანტებმა, კიდევ ერთხელ ვუთხრათ ყველა პოლიტიკურ ძალას, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ 20 ივნისი ვერ გადაიწერება, აქციის დარბევა ოკუპანტის საამებლად არავის შერჩება!“,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.