„არა ომს“ – ახალქალაქში სომხეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

პუბლიკა

„არა ომს“ – დღეს, ახალქალაქში აქცია გაიმართა, რომლის ორგანიზატორებიც ადგილობრივები არიან. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

აქცია ახალქალაქის სტადიონზე 12:00 საათზე დაიწყო. მასში, როგორც ახალქალაქის, ისე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები მონაწილეობდნენ.

„ჩვენ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხები, იმის გათვალისწინებით, რაც ხდება სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვართან, გამოვედით აქციაზე და ვამბობთ „არა ომს“. ჩვენ ყოველთვის ვართ სომხეთის გვერდით და მხარს ვუჭერთ“, – ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე.


სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, აზერბაიჯანულ მხარეს თოუზის რაიონსა და სომხურ მხარეს– ტაუშის რაიონში 12 ივლისს დაიწყო.

12 ივლისს მომხდარ ინციდენტში სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 12 ივლისს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამშვიდობო შეთანხმება უხეშად დაარღვიეს და თოუზის რაიონის მიმართულებით არტილერიიდან ცეცხლი გახსნეს.