„არა რუსულ კანონს! გამოდი ღირსების დასაცავად!“ – დღეს, 8 მარტს, პარლამენტთან მორიგი საპროტესტო აქცია დაიგეგმა.
„გუშინ, საქართველოს პარლამენტში, მოღალატე „უმრავლესობამ”, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს. კანონს, რომელიც გვაკარგვინებს ევრო-ატლანტიკურ მომავალს. მოღალატე ხელისუფლებამ გაბრაზებულ მოქალაქეებს არაპროპორციული ძალა დაუპირისპირა. მშვიდობიანი აქციის დარბევა დილამდე გაგრძელდა. ვაგრძელებთ პროტესტს! 7 საათზე, პარლამენტის წინ, მოდი და დაიცავი საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხის ღირსება!“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.
მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს.
მათივე ცნობით, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. ისინი დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც.