არაა დასაბუთებული, თუ რა წარმოადგენს კონკრეტული საქმეების პოლიტიკურ დევნად მონათვლის მიზეზს - სარჯველაძე

პუბლიკა

„არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში არ არის დასაბუთებული, რა წარმოადგენს სააკაშვილის მიმართ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიკურ დევნად მონათვლის მიზეზს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე ფიქრობს, რომ მათი მოსაზრება მცდარი და ლოგიკას მოკლებულია.

„ამ განცხადებაში არ არის დასაბუთებული, თუ რა წარმოადგენს ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიკურ დევნად მონათვლის მიზეზს, რა არის ამის საფუძველი. მეორე მხრივ, რამდენადაც ამოვიკითხეთ, მათთვის არ არის დამაკმაყოფილებელი მართლმსაჯულების სისტემა. აქედან გამომდინარე მიიჩნევენ, რომ ახლა არ შეიძლება მსჯავრდება. მარტივი საკითხია, მაშინ როდის შეიძლება და საერთოდ, ზოგადად შესაძლებელია თუ არა მსჯავრდება, უკეთესი იქნება, ამაზე გასცენ პასუხი და მგონი, თვითონ მივლენ დასკვნამდე, რომ საკუთარი გავრცელებული ეს მოსაზრება არის მცდარი, არასწორი და ულოგიკო. იქ, სადაც ჩვენს ოპონენეტებს აქვთ არგუმენტების დეფიციტი, ცდილობენ, რაღაცა ზოგადი კლიშე მოსაზრებებით შემოიფარგლონ და არ ისაუბრონ კონკრეტულ საქმეზე, კონკრეტულ ვითარებაზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

4 არასამთავრობო ორგანიზაცია საერთო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ სააკაშვილის მიმართ იკვეთება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება.