არაა გამორიცხული დაზარალებულთა ან ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს - პროკურორი სირაძის საქმეზე

პუბლიკა

დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც სხდომის დასრულების შემდგომ პროკურორმა განაცხადა, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 თებერვალს ჩაინიშნა. მისივე თქმით, იქამდე ინსპექტორის სამსახური ჩაატარებს მასშტაბურ გამოძიებას.

„ არ არის გამორიცხული, რომ გაიზარდოს როგორც დაზარალებულთა რიცხვი, ასევე ბრალდებულების რიცხვი. შესაძლოა, საქმეზე დამძიმდეს კვალიფიკაცია ან შეიცვალოს ნებისმიერ პირთან მიმართებით. აქ არ არის მხოლოდ ამ ბრალდებულზე საუბარი. საგამოძიებო ორგანოს პოზიციაა, რომ მოპოვებული იქნას ყველა მტკიცებულება, რომელიც დაადგენს, რა მოხდა“, — განაცხადა პროკურორმა სასამართლოს დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, თუ გამოიკვეთა ნაბისმიერი პირის დანაშაულის ჩადენის ფაქტი, პროკურატურა იქნება ორგანო, რომელიც მყისიერ რეაგირებას მოახდენას, – „განურჩევლად პირის რანგისა და თანამდებობისა მოხდება სისხლისსამარლებრივი დავა“.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც გულისხმობს ჩვენების მიცემის იძულებას.

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ადასტურებს რომ 15 წლის ლუკა სირაძეს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დაკითხვაზე “ძმის პრობლემების შექმნით ემუქრებოდა” და გამომძიებელმა მას დაუპირისპირა ამავე პერიოდში პოლიციის განყოფილებაში დაბარებული მოწმეები. ამის შესახებ ინსპექტორმა დღეს, 19 დეკემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არასრულწლოვანთან გასაუბრება მიმდინარეობა 6,5 საათი და იგი პოლიციაში ღამის 12 საათამდე იყო.

_______________________________________________________________

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედისა და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მ.ჩ. მას ბრალი ჩვენების მიცემის იძულებაში ედება.