„დღიდან დღემდე შეხედულებები, დამოკიდებულებები იცვლება, რაც განპირობებულია იმითაც, რომ სამოქალაქო სექტორი აქტიურად თანამშრომლობს ორივე მხარესთან, აქტიურად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ერთად უნდა დავსხდეთ და ვიმუშაოთ, ამიტომ არ არის გამორიცხული, ყინული ნელ- ნელა გალღვეს და საბოლოო ჯამში შესაძლებელია, მათ შორის კრიტიკული პოზიციებით, ერთმანეთთან შეუთანხმებლობით ვიხილოთ ეს პარტიები ერთად, ერთ სივრცეში, როცა ისინი ერთად ისაუბრებენ იმ პრობლემებზე, რაც არის არა მხოლოდ მართლმსაჯულებაში, არამედ ზოგადად 12 პუნქტთან მიმართებით“,- ამის შესახებ საია-ს ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან პარლამენტში, ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” და ოპოზიციის მიერ ცალ-ცალკე ინიცირებული პროცესის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, სასამართლო რეფორმაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს შინაარსობრივ საკითხებზე მოსაზრებებს წარუდგენენ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შესწავლა მოხდეს არა უბრალოდ სამუშაო ჯგუფში, არამედ საპარლამენტო კომიტეტების ფარგლებში, სადაც ამ საკითხის შესასწავლად ფართო მონაწილეობის შესაძლობელობა იქნება.
„პროცესი უნდა გაიხსნას და შესაძლებლობა გვაქვს, ამ საკითხებზე ვისაუბროთ, როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ოპოზიციასთან. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი რეკომენდაციები იქნება მოსმენილი და შესმენილიც. უფრო ძირეული პრობლემებია სასამართლო სისტემაში. ევროკომისიის მესამე რეკომენდაცია სასამართლო სისტემაზე საუბრობს, სისტემურ ცვლილებებზე მიგვითითებს და გვეუბნება, რომ ფუნდამენტური ცვლილებები უნდა გატარდეს და არა ისეთი ზედაპირული, როგორსაც ხელისუფლება გვთავაზობს. საუბარია კლანურ მმართველობაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმირებაზე, საბჭოს წევრების კონსენსუსით დანიშვნასა და იმ ფუნდამენტურ ნაბიჯებზე, რომლებიც ითვალისწინებს არაფორმალური გავლენების ჯგუფის შესუსტებას.“