არაა მიზანშეწონილი ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზის დღეს განხილვა - სამადაშვილი

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით პლებისციტის იდეას ეხმაურება. სამადაშვილი წერს, რომ მას არ მიაჩნია მიზანშეწონილად ახლა დაიწყოს განხილვა, რა გზით შეიძლება დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ხოლო რომელიმე გზაზე უარის თქმა არ იქნება კარგი.

„არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დღეს, როდესაც საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, შედგება თუ არა მიშელის ინიცირებული მედიაციის პროცესი, საუბარი იმაზე, ვადამდელ არჩევნებამდე როგორი გზით მივალთ და რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა. საქმეს არაფერში გამოადგება.

ასევე, ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება მოლაპარაკებების პროცესში წარმატების გარანტიაა. წარმატება კი, პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზის შეთანხმება იქნება, მათ შორის საარჩევნო რეფორმისაც“, – წერს სალომე სამადაშვილი Facebook-ზე.


ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების იდეამ, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი ამბობს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ გაიჟღერა. რასაც დღეს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და განაცხადა, რომ პლებისციტის მოდელზე დათანხმება არ შეიძლება.

„ჩემი პირადი აზრია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, რომელსაც თავს გვახვევს ივანიშვილი. პლებისციტის თემა არის ის თემა, რომ მას უნდა ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, სადაც ის დახარჯავს ბევრ ფულს, ბევრს მოისყიდის, ჩაატაროს პლებისციტი“, – განაცხადა ექსპრეზიდენტმა.