არააუცილებელი კონტაქტების მინიმიზება - იმნაძე ღამე გადაადგილების შეზღუდვაზე საუბრობს

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „მაესტროსთან“  ღამით  გადაადგილების შეზღუდვაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ადამიანებს შორის არასაჭირო და არააუცილებელი კონტაქტების მინიმიზება მნიშვნელოვნად ამცირებს ვირუსის გავრცელების სიჩქარეს.

„სამწუხაროდ, პროგნოზები დამაიმედებელი არ არის. ალბათ, მატება კიდევ იქნება. ერთადერთი, ჩვენ რითაც შეგვიძლია, გავაჩეროთ ეს მატება, არის პირველი, რაც ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ – ნიღაბი და დისტანცია,  მეორე – სახელმწიფო მიმართავს წერტილოვან შეზღუდვებს.

მე მესმის, რომ გაუთვითცნობიერებელმა მოქალაქემ შეიძლება, ვერ გაიგოს, ღამე რატომაა აუცილებელი მოძრაობის შეზღუდვა ან სხვა წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ეფუძნება ძალიან მტკიცე მეცნიერულ საფუძვლებს. „ლანცეტში“ იყო გამოქვეყებული სტატია – ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამედიცინო ჟურნალი – და იქ არის ძალინ მკაფიოდ გაწერილი, რომ ის წერტილოვანი შეზღუდვები, რომელიც ახლა ჩვენთან მოქმედებს, დაახლოებით გამოცხადებიდან ერთ კვირაში ვირუსის რეპროდუქციის ინდექსს, ანუ ავადმყოფების გამრავლების სისწრაფეს ამცირებს საკმაოდ მნიშვნელოვნად, თითქმის ნახევრამდე. თუ ორი კვირის მანძილზეა – უკვე ნახევარზე მეტზე. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდნენ ჩვენმა მოქალაქეებმა. ღამე თუ გადაუდებელი საქმე არ აქვს და გადაუდებელი საქმე, პრაქტიკულად, არავის არ აქვს, გარდა ზოგიერთი პროფესიის ადამიანისა, არ გავიდნენ.  ადამიანებს შორის არასაჭირო, არააუცილებელი კონტაქტების მაქსიმალურად მინიმიზება, აი, ეს აზრია ყველა ამ შეზღუდვაში. ეს მეცნიერული ფაქტებია, თუ რაოდენ ამცირებს ეს დაავადების გავრცელების სიჩაქრეს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის N670 დადგენილებით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში,  ზუგდიდში აიკრძალა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 45 ადამიანი.