არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სოლიდარობას უცხადებენ და განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს დემოკრატიულობის ხარისხი დამოუკიდებელ, გამართულ, ზეპარტიულ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ ინსტიტუტებზე დგას.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2018 წელს შეიქმნა, როგორც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ინსტრუმენტი.
თავის დროზე, ამ მექანიზმის შექმნა პოზიტიურად შეფასდა საერთაშორისო პარტნიორების და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მხრიდან. არსებობდა არა ერთი რეკომენდაცია ამ უწყების შემდგომი გაძლიერების და მანდატის გაფართოების მიმართულებით.
თუმცა შეზღუდული მანდატის, დაფინანსებისა და ადამიანური რესურსების მიუხედავად, უწყებამ მოახერხა საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება და პატივისცემა.
მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ სრულიად მოულოდნელად და ფარულად დაიწყო დაჩქარებული წესით ამ ინსტიტუტის გაუქმების პროცესი პარლამენტში, უწყებასთან კომუნიკაციისა და ფართო განხილვების გარეშე.
კანონპროექტის განხილვის მანერისა და შინაარსის გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნულ საკითხზე მომზადებული კანონპროექტი ემსახურება არა რეალურ რეფორმას, არამედ დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებას, ნაცვლად მისი გაძლიერებისა და კიდევ უფრო მეტად გამართვისა. ჩვენს მეხსიერებაში ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებას ხელისუფლება უბრალოდ აუქმებს ჯეროვანი და ლეგიტიმური განმარტების და დემოკრატიული ჯგუფების და საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებისა და კრიტიკის გარეშე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ადამიანის უფლებების დაცვაში განსაკუთრებულ ბერკეტს წარმოადგეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების კონტექსტში. სწორედ ამის გათვალისწინებით ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და გამართული უწყება, რომელიც ორიენტირებული იქნება ადამიანის უფლებების დაცვაზე.
სამწუხაროდ, ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა და პატივი არ სცა ქ-ნი ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის ფაქტორს და კანონპროექტის შესახებ მისი დროული და სათანადო ინფორმირებაც არ მოხდა.
ჩვენ, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, პერსონალურ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს ინსპექტორს, ქ-ნ ლონდა თოლორაიას და მადლობას მოვახსენებთ გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისთვის, “- წერია განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმომწერები მოუწოდებენ ხელისუფლებას:
- შეწყვიტოს მიზანმიმართული დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყების დემონტაჟი და იყოს ორიენტირებული საკუთარი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების რეალურ დაცვაზე.
- მოუსმინოს საერთაშორისო პარტნიორების და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და წარმართოს გამჭვირვალე პროცესი, რომელიც არსებული გარემოს გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული.
განცხადებას ხელს აწერენ: ზაზა მიქელაძე, სამირა ბაირამოვა, ელდარ ჯავახიძე, მაია რიჟვაძე, გიორგი დეკანაძე, იზოლდა ხოშორაძე, შოთა დეკანაძე, მარო დეკანაძე, თამარა ხოშორაძე, მალხაზ ხოშორაძე, ბეჟან დეკანაძე, ნესტან ანანიძე, ლია დეკანაძე, ლელა დეკანაძე, ლადო დეკანაძე, ავთანდილ შავაძე, ჰურიე აბაშიძე, ჯემალ საგინაძე, მათე სარალიშვილი, ოქტაი ქაზუმოვი, ნინო ართმელაძე, ბანიამინ კასიმ ოღლუ, ქამრან მამედლი, აითაჯ ხალილლი, რაბილ ისმაილ, სემა სადიკ, აიჰან ჰასანლი, ფარიდ ასკერ, ალი მამედლი, სულხან ბორძიკაშვილი, ტიგრან თარზიანი, გურამ ვაშაყმაძე.