არაერთი პოლიტიკური პარტია ცდილობს სამთავრობო გუნდისა და ექიმების დაპირისპირებას - ტიკარაძე

პუბლიკა

„მინდა, აღვნიშნო შემდეგი ფაქტი, რომ არაერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის მცდელობა, რომ მოხდეს სამთავრობო გუნდისა და ექიმების დაპირისპირება –  შეეხება ეს ანაზღაურებას, თუ მადლობის გადახდას ექიმების მიმართ. მინდა, ვთხოვო ყველას, დღესდღეობით არ არის იმის დრო, რომ მოხდეს მსგავსი დაპირისპირებები“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, „ექიმების ყველა ინტერესი სახელმწიფოს მხრიდან დაცულია“.

„ჩვენ თითქმის წელიწადია, ექიმებს ვაძლევთ დანამატებს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან დეტალურად არის გაწერილი და საკმაოდ მაღალია მთელი სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება. საბჭომ გუშინ დამატებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებს, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, სახელმწიფო მხრიდან მიეცემათ 500-ლარიანი დანამატი, იმისდა მიუხედავად, თუ სად, რომელ რეგიონში არიან დასაქმებულები, რადგან ჩვენთვის ნამდვილად არის გულთან მისატანი სამუშაო, რომელსაც ექიმები უწევენ ჩვენს პაციენტებს და ყველანაირად ვეცდებით, ვიდგეთ მათ გვერდით“, – აღნიშნა ტიკარაძემ.


დღეს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 914 შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა კიდევ 49 ადამიანი. ხოლო გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 3316 პაციენტი.