„არაფერი არ არის შეჩერებული" - კობახიძე გაწევრების პროცესის დე ფაქტო შეჩერებაზე

პუბლიკა

მიუხედავად იმისა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ოფიციალური დოკუმენტით დაადასტურა, ირაკლი კობახიძე კვლავ იმეორებს, რომ „არაფერი არ არის შეჩერებული”.

„არაფერი არ არის შეჩერებული, თუ რამეა შეჩერებული, ეს არის სხვა კანდიდატი ქვეყნების ინტეგრაცია ევროკავშირში. როცა შენი ეკონომიკური მდგომარეობა არის კრიზისის ზღვარზე და ამ ზღვარს მიღმა, როცა გაქვს კატასტროფული ვითარება დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის თვალსაზრისით, კორუფციის კუთხით, პოლიტიკური პლურალიზმისა და მედია პლურალიზმის კუთხით, იქ ჩერდება ზუსტად ევროინტეგრაციის პროცესი. საქართველოში ყველაფერი არის რადიკალურად განსხვავებულად – ყველა მიმართულებით გვაქვს ისეთი ვითარება, რაც ხელს უწყობს ხელს იმას, რომ 2030 წლისთვის ჩვენ გავხდეთ პირველი ევროკავშირის წევრი ქვეყანა”, – აცხადებს კობახიძე.

17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ სხდომის შემდეგ დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც საუბარია საქართველოს მთავრობის კურსზე და აღნიშნულია, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს. ამასთან, ხაზგასმულია, რომ საქართველოს EU-ში გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.

დღეს კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, რომელმაც გაიმეორა, რომ დე ფაქტო პროცესის შეჩერება გამოწვეულია მთავრობისა და მმართველი პარტიის წევრების ქმედებებით. მან აღნიშნა ისიც, რომ თუ საქართველო გახდება ერთპარტიული ქვეყანა, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას თავისუფლად ფუნქციონირების საშუალება არ მიეცემა, ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება „ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც 2030 წელს”.

ელჩის განცხადებით, ევროკავშირი დიდი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესების განვითარებას და იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად. მისი თქმით, თუ ეს ასე არ მოხდება, ევროკავშირი მის ხელთ არსებულ ვარიანტებს წარადგენს. პაველ ჰერჩინსკი ხაზს უსვამს, რომ არავის სურს უბრალო ხალხის „დასჯა”, თუმცა ევროპულმა ინსტიტუტებმა მთავრობის ქმედებების საპასუხოდ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე მიწვევა, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ „ეს იყო ერთგვარი ბავშვური ნაბიჯი“ და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს „გაბუტვა არ შეშვენის”.

დანიგანი ამბობს, რომ შტატებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 17 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ამერიკის ელჩი „წითელ ხაზებს უახლოვდება”.


17 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

განცხადების თანახმად, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს”.