„მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, და, მგონი, ამას არ სჭირდება დიდი ანალიზი და ექსპერტიზა”, – ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების” წევრი შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტის შეკითხვას: რა დაადგინეს მათმა სპეციალისტებმა ვიდეოსთან დაკავშირებით.
„ჩვენ არანაირ ექსპერტიზას, მე პირადად არ ვატარებ [სტილი დაცულია]… ამას ხომ ექსპერტიზა არ სჭირდება. რატომ ენდობით მიხეილ სააკაშვილის სიტყვაზე, ეს არის პრობლემა… მან 17-ჯერ დადო პირობა, რომ ჩამოვიდოდა და 17-ჯერვე მასხრად აიგდო საკუთარი ამომრჩეველი”, – ამბობს პაპუაშვილი.
ჟურნალისტის რეპლიკაზე – თუ ვიდეო ავთენტურია არ არის, თქვენ უნდა დაადასტუროთ? – პაპუაშვილი პასუხობს: „არაფერს არ სჭირდება დადასტურება”.
პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძემ დილით გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ: „რაც შეეხება ვიდეოს, თავიდან გვეგონა deepfake-ის ტექნოლოგია, მაგრამ უფრო მარტივი ტექნოლოგია აღმოჩნდა. მარტივად არის გადაღებული. ამაზე ჩვენი ექსპერტები მუშაობენ და პასუხს მალე გვეტყვიან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს დილის 9 საათისთვის ესპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა facebook-ზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ საქართველოშია. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. მან facebook-პოსტით ასევე მოუწოდა მოსახლეობას, 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან თბილისისკენ დაიძრან არჩევნების შედეგების დასაცავად. მისივე თქმით, ის თავადაც შეუერთდება ერთ-ერთ კოლონას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში და მისი ვიდეოც საქართველოში ჩაწერილი არაა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, სააკაშვილის ვიდეო fake-ია და ის სპეციალური ტექნოლოგიითა გადაღებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში იმყოფება.