ბოდიში უნდა მოიხადოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, რადგან ეს იყო მათ მიერ ჩატარებული არჩევნები, პრობლემები დაფიქსირდა მათ მხარეს, დისბალანსები იქნება, თუ კარუსელები, მათ მხარეს იქნა განხორციელებული, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ელენე ნიჟარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბევრ დარღვევაზე ხელისუფლებას პასუხი არ გაუცია, არ შეუსწავლია და ობიექტური ინფორმაცია საზოგადოებისთვის არ მიუწოდებია.
„რეალურად ამან გამოიწვია სწორედ პოლიტიკური კრიზისი და არა „სამართლიანი არჩევნების“ შედეგებმა, სადაც ძალიან მცირე ხარვეზზეა საუბარი, რომელმაც ასევე პროცენტის ძალიან მცირე სხვაობა გამოიწვია“,- განაცხადა ნიჟარაძემ.
კითხვაზე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პირველი მონაცემით ოთხი მანდატი აკლდებოდათ, ნიჟარაძე ამბობს, რომ ეს სწორი ინფორმაცია არ არის.
„ეს სწორი ინფორმაცია არ არის, რადგან ისინი სავარაუდოდ თვლიან მეორე ტურის შედეგებს. ამ შემთხვევაში, ჩვენი შედეგები ეყრდნობოდა მხოლოდ პირველი ტურის პროპორციულ შედეგებს. ამ ნაწილში განსხვავება არ ყოფილა. პრობლემები, რაც იყო ამ არჩევნებზე, იყო დისბალანსები, კარუსელები, ამომრჩევლების მოსყიდვა, გადასწორებული ოქმები და ასე შემდეგ და ამ პრობლემებზე არ მიუღია საზოგადოებას პასუხები. შესაბამისად, კრიზისი და პრობლემა შექმნეს მათ. თავის დროზე რეაგირება რომ მოეხდინათ დროულად და შეესწავლათ, ნამდვილად ვთვლი, რომ ეს პრობლემა არ იქნებოდა“,- განაცხადა ნიჟარაძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა თქვა, რომ უხეში ხარვეზის შესახებ ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს იცოდა, ნიჟარაძე ამბობს, რომ მათ ჰქონდათ თავიანთი სტრატეგია, როგორ მიეწოდებინათ ინფორმაცია საზოგადოებისთვის.
„ჩვენ არაფერს ვმალავდით. უბრალოდ, გვქონდა ჩვენი სტრატეგია, როგორ მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის ინფორმაცია და ამაზე ვმუშაობდით. უნდა მოგვემზადებინა ანგარიში, ჩაგვეტარებინა პრესკონფერენცია, კონფერენცია მედიისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დონეზე ჩაატარა სრულიად სამარცხვინო მოლაპარაკებები ელჩების თანდასწრებით, რომლებსაც არასწორ ინფორმაციას აწვდიდა, თან ამბობს, რომ ვიცოდით, არასწორი იყოო და ამას იყენებდნენ მოლაპარაკებების პროცესში. არ მინდა მძიმედ შევაფასო, მგრამ რბილად რომ ვთქვა, ძალიან არაკეთილსინდისიერი საქციელია“,- განაცხადა ნიჟარაძემ.
რაც შეეხება მმართველი გუნდის დღევანდელ მოწოდებას – ორგანიზაციამ უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც მათი მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა, ნიჟარაძე პასუხობს, რომ აღნიშნული ოქმები მათ შეუძლიათ, მოიძიონ ცესკო-ს ვებგვერდზე და გამოითხოვონ ცესკო-დან. მისივე თქმით, ეს არის ოფიციალური ოქმები და „სამართლიან არჩევნებს“ ცალკე დამატებითი ოქმები არ აქვს.
„ამ შემთხვევაში საჩივრებიც გვქონდა წარდგენილი და მოვუწოდებდით, რომ მოეხდინათ გადათვლა იმ უბნების, სადაც დაფიქსირებული იყო პრობლემები, დისბალანსი იქნებოდა, თუ გადასწორებული ოქმები. ეს ოქმები მათ შეუძლიათ მოიძიონ ცესკო-ს ვებგვერდზე და გამოითხოვონ ცესკო-დან. ეს არის ოფიციალური ოქმები, ჩვენ ცალკე დამატებითი ოქმები არ გვაქვს. შესაბამისად, ამ ოქმებზე პასუხი მათ უნდა მოთხოვონ საარჩევნო ადმინისტრაციას, მაგრამ „ქართული ოცნება“ ძალიან სამარცხვინოდ ცდილობს, შექმნან შთაბეჭდილება, რომ თითქოს ახლა „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჩაატარა ეს არჩევნები და „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეადგინა ოქმები. ოქმები შეადგინა საარჩევნო ადმინისტრაციამ და საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა გასცეს პასუხი საზოგადოებას, რა პრობლემები ჰქონდა, რაც, რეალურად არ გააკეთეს. ამან გააძლიერა ეს კითხვის ნიშნები საზოგადოებაში, რომ რეალურად მათ მართლა ტექნიკური ხარვეზი კი არა, რაღაც უფრო სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, რატომ არ გადათვალეს ეს უბნები. შეეძლოთ, ძალიან მარტივად გაეკეთებინათ და ყოველგვარი კითხვის ნიშნები მოიხსნებოდა“,- განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.
ელენე ნიჟარაძის განცხადების წერილობით ვერსიას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.