არაგვის ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში ამბობენ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ავრცელებენ ამ ინფორმაციას.

შსს-ს ცნობით, მედიასაშუალებით გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები მოქალაქე, დადგენილია, რომ არის 1996 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები ლ.ლ. და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არის ა.ბ., სიმართლეს არ შეესაბამება.

უწყება ასევე ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ხანძრის ხელოვნურად გაჩენის შესახებ. საქმე ეხება გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი მოწმის, გური ამირხანაშვილის მიერ მითითებულ ტერიტორიას, სადაც ის იმალებოდა შემთხვევის ღამეს. რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

„ხელოვნურად გაჩენის შესახებ არის მორიგი სიცრუე და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა, რომ 4 ივლისს არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია. შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული ლ.ყ. ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს მოეკიდა ცეცხლი. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ამბობენ შსს-ში.