არაიდენტიფიცრებული შემთხვევები იქნება, მაგრამ ეს რაოდენობა არაა დიდი, ძალიან მცირეა - ხათუნა ზახაშვილი

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ფეისბუქლაივში ქვეყანაში არაიდენტიფიცირებული შესაძლო შემთხვევების რაოდენობაზე ისაუბრეს. ხათუნა ზახაშვილის თქმით, დაშვება, რომ გარკვეული პროცენტი შემთხვევები დარჩეს გამოუვლენელი არის, მაგრამ ეს რაოდენობა არაა დიდი, უფრო მეტიც – მცირეა.

„ისმის შეკითხვები, რომ იქნებ მეტი გვყავს და ვერ ვითვლით შემთხვევებს საქართველოში. ჩვენ არ ვართ ისე ნეტარები, რომ ჩავთვალოთ, რომ ვიცით ყველა შემთხევევა, რაც ქვეყანაშია. ჩვენ გვაქვს დაშვება, რომ გარკვეული პროცენტი შემთხვევებისა შეიძლება დარჩეს გამოვლენის გარეშე და ამას აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, თუმცა იმ შეფასებით, რომელსაც ვაკეთებთ, ამ შემთხვევათა რაოდენობა არაა დიდი – ძალიან მცირეა. ამას ადასტურებს ის, რომ ქვეყანაში ტესტირებულია გრიპის ყველა ნიმუში, რომელიც დაგროვდა მიმდინარე სეზონზე ამ წლის იანვრიდან. არცერთ მათგანში ახალი კორონავირუსის ინფექცია იდენტიფიცირებული არაა. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელ დღემდე, როცა ვლაპარაკობთ, რომ ადგილობრივად ვრცელდება, მას საყოველთაო გავრცელების ხასიათი არ აქვს. დღეისთვის ეს მდგომარეობა გვაქვს, თუმცა მდგომარეობა ყოველდღიურად იცვლება და დამოკიდებულია იმაზე, როგორ შევუწყობთ ხელს კორონავირუსს“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

იმავე თემაზე კომენტარი გააკეთა ამირან გამყრელიძემაც. ის არ ადასტურებს, რომ არაიდენტიფიცირებული ინფიცირებულების რაოდენობა დიდია.

„ხშირია საუბარი, რომ ბევრად მეტია ინფიცირებული, ვიდრე ჩვენ ვავლენთ, რასაც ხაზს ვუსვამ, რომ არ ვადასტურებთ. არის გარკვეული პროცენტი, რომელიც იდენტიფიცირებული არაა. ამიტომაც დღეს. როცა გავზარდეთ ცხელების კლინიკების რაოდენობა და ყველა იტესტება ცხელების კლინიკებში, გაიზარდა გამოვლენის მაჩვენებელი. ჩვენ ასევე ვაკვირდებით პნევმონიების რაოდენობას, ვადარებთ გასულ წელს არსებული პნევმონიების რაოდენობას. არაიდენტიფიცრებული არის გარკვეული პროცენტი, მაგრამ ეს არ არის სამჯერ, ოთხჯერ, ორჯერ, ხუთჯერ მეტი, როგორც საზოგადოებაში საუბრობენ, მაგრამ საშიშროება, რომ სწრაფი ზრდა იყოს ეპიდემიის არსებობს“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.