არახამია: თუ ხელისუფლებისგან უარს მივიღებთ, მჯერა, საერთაშორისო სანქციები იქნება გამოყენებული

პუბლიკა

უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას განზრახული აქვს, სააკაშვილი გარდაიცვალოს პატიმრობაში.

„მთავარ არხთან“ ინტერვიუში, რომელსაც თარჯიმანი სინქრონულად თარგმნიდა, ის ამბობს, რომ სააკაშვილთან უნდა დაუშვან საერთაშორისო სამედიცინო პერსონალი და გაითვალისწინონ მათი დასკვნა.

შეკითხვაზე, თუ უკრაინის ხელისუფლების მთავარ გზავნილს, რომელიც საქართველოს ელჩს გადასცეს, საქართველოს ხელისუფლება არ გაითვალისწინებს, რა იქნება შემხვედრი ნაბიჯი, არახამია ამბობს:

„მჯერა, საერთაშორისო სანქციები ერთადერთი მეთოდი იქნება გამოყენებული ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ“, – განაცხადა მან.

3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას გამოეხმაურა, 4 ივლისს კი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩ ზაქარაშვილს შესთავაზეს დაბრუნდეს თბილისში, კონსულტაციების გასამართად და არსებული სიტუაციის მოგვარების გზების მოსაძებნად.

„უკრაინულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, გადაუდებლად დაიწყოს განხილვა სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის საკითხის, მისი მკურნალობისა და შემდგომი მოვლის მიზნით”, – წერია განცხადებაში.