არახამია ქართული პროდუქტის რუსეთში ექსპორტზე: ეს არის საქართველოს პასუხი? მრცხვენია

პუბლიკა

უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის” ლიდერი დავით არახამია რუსეთში ქართული რძის პროდუქტების ექსპორტის ინიციატივას ეხმიანება. იგი საქრთველოს მთავრობას და მოქალაქეებს მიმართავს:

„მინდა მივმართო ქართველ ხალხს და პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას. დღეს გახდა ცნობილი, რომ რუსეთმა ეკონომიკური სანქციები და ბარიერები მოხსნა ქართულ რძეზე, ღვინოზე და ა.შ. იმისთვის რომ მოიპოვოს საქართველოს ლოიალური დამოკიდებულება უკრაინა-რუსეთის ომში.

მინდა, ყველა ქართველს ვუთხრა, მე თავად ქართველი ვარ. როცა რუსეთი საქართველოს ვერაგულად დაესხა თავს, უკრაინამ მაშინვე, ყველანაირი საკუთარი ეკონომიკური დანაკარგების მიუხედავად, ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინა – მიაწოდა სამხედრო ტექნიკა, სამხედრო ინსტრუქტორები იმისათვის, რომ მხარი დაეჭირა მეგობარი ქვეყნისთვის, ძმა ერისთვის.

ეს არის საქართველოს პასუხი? – თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ნორმალური პასუხია საქართველოსგან უკრაინის მიმართ, მაშინ როცა რუსეთი თავს გვესხმის?! გთხოვთ, ქართველო ხალხო, მე მჯერა თქვენი, გაარკვიეთ საქმე თქვენს მთავრობასთან, გადაწყვიტეთ ეს საკითხი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვისურვებდით, ასეთი ღალატი და ზურგში დანა გვენახა ქართველი ხალხისგან.

მე ყოველთვის ვამაყობდი, რომ ქართველი ვარ, ვცხოვრობ უკრაინაში, ხელისუფლებაში ვარ და დღეს ნამდვილად მრცხვენია“ – აცხადებს არახამია.


სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობდა.

5 მარტს რუსულმა გამოცემა Tass-მა რუსეთის ოფიციალურ უწყებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახურის ინიცციატივაზე, რომ 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძისა და რძის პროდუქტების იმპორტზე ნებართვა გაიცეს.

Tass-ის ცნობით, რუსეთის ფიტოსანიტარიის სამსახურში განმარტეს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 5 მარტს რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახურის დირექტორი სერგეი დანკვერტი შეხვდა საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ზურაბ ჩეკურაშვილსა და აზერბაიჯანის სურსათის სააგენტოს თავმჯდომარეს.