„არამარტო გამორიცხულია, არასერიოზულია ამაზე მსჯელობა და კიდევ ერთხელ კომიკურ მდგომარეობაში იყენებენ თავს, როდესაც ამას ახსენებენ“ – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „მიშელის დოკუმენტზე“ „ლელოს“ განცხადებას პასუხობს.
„იმედი LIVE-ში“ ინტერვიუს დროს მან განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია გაყალბებას ვერ ადასტურებდა, საბოტაჟს ახორციელებდა და ხელისუფლება მათთან 19 აპრილის შეთანხმებით კომპრომისზე წავიდა.
მისი თქმით, ოპოზიციას პარლამენტში შესვლის ვალდებულება ჰქონდა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლეიბორისტებმა“ არ შესარულეს და 100 დღის განმავლობაში მათთან შეთანხმება იყო ცალმხრივი.
გადაცემის წამყვანმა კობახიძეს უთხრა, რომ ოპონენტების პოზიციით, 19 აპრილის შეთანხმებაში ევროკავშირიც მხარეა, რაზეც კობახიძე ამბობს, რომ ეს იყო პარტიებს შორის შეთანხმება, რასაც თავად ევროკავშირიც ადასტურებს.
„იქ არც ერთი ხელმოწერა არ არის დასმული ევროკავშირის მხრიდან, არავინ აწერს ხელს. ეს რომ ყოფილიყო ევროკავშირთან შეთანხმება, გამოდის, რომ ევროკავშირი აწარმოებდა საბოტაჟს 6 თვის განმავლობაში. ეს ასე არ იყო.
19 აპრილის შეთანხმება იყო საბოტაჟის პროდუქტი, საბოტაჟი წარმოებდა ოპოზიციის და სწორედ მათთან გაფორმდა ამის გამო ხელშეკრულება. რანაირად შეიძლებოდა, აქ მხარე ყოფილიყო ევროკავშირი? ის ვერც საბოტაჟის ავტორი იქნებოდა და ვერც ამ ხელშეკრულების“, – აცხადებს კობახიძე.