არამგონია, რომ 7 ევროპარლამენტარის განცხადებამ რამე იმოქმედოს სტრატეგიულ მიმართულებაზე - ვოლსკი

პუბლიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ვერშემდგარი შეთანხმების შესახებ ევროპარლამენტარების განცხადებას გამოეხმაურა.

„რასაკვირველია, ძალიან ცუდი შედეგია, რომ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ყველა პუნქტზე მზად ვიყავით, რაღაც მცირე დაზუსტებებით ხელი მოგვეწერა.

გაუგებარია ამ 7 ევროპარლამენტარის პოზიცია. იმის ნაცვლად, რომ იმაზე საუბრობდნენ, საიდან მოდის პრობლემა, რატომ ვერ შეთანხმდა ოპოზიცია და ხელისუფლება, იმუქრებიან, რომ სანქციები დაუწესდება საქართველოს, თუკი ევროკავშირს ეს 7 პარლამენტარი მიმართავს. ცნობისთვის, იქ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარია. რასაკვირველია, შეიძლება რაღაც სკანდალური შეკითხვები დასვა და მოიფიქრო, მაგრამ ყველაზე ცუდი და გულდასწყვეტი ის ტაშ-ფანდურია, რაც ატყდა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელიც ისევ ფანჩატურში იკრიბება, რომ რა კარგია, რომ ეს მოხდება. მაშინ, როცა მათი დანაშაულია ყველაფერი, რომ აქამდე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ეს არის რეალური სურათი და არა ის, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, სანქციები დააწესოს.

არა მგონია, 7 პარლამენტარის განცხადებამ რაიმენაირად იმოქმედოს იმ სტრატეგიულ მიმართულებაზე, რაც არა მარტო საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.


1 აპრილს გავრცელდა ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოში დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკების შესახებ.

7 ევროპარლამენტარის ერთობლივი განცხადება აკრიტიკებს ქართველ პოლიტიკოსებს, რომ ვერ შეძლეს კომპრომისზე წასვლა და შეთანხმების მიღწევა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩაშლილ მოლაპარაკებებს ევროკავშირისგან შედეგები მოჰყვება. მათ შორის, ევროპარლამენტი მოითხოვს საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეზღუდვას, ხოლო ქართველ პოლიტიკოსებს აღარ უნდა ჰქონდეთ ევროკავშირთან ძველებურად ურთიერთობის გაგრძელების იმედი.