არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე, გამოიჩინეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა – 112

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) განცხადებას ავრცელებს.

„კორონავირუსის პანდემიამდე, ცენტრში, 24 საათის განმავლობაში, საშუალოდ, 13 000-მდე ზარი შემოდიოდა, დღევანდელი მონაცემებით კი, ოპერატორები 18 000-მდე ზარს პასუხობენ. შესაბამისად, მობილიზებულია დამატებითი ცვლები, რათა თითოეულ ზარზე ოპერატიულად მოხდეს რეაგირება“, –  წერია განცხადებაში.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის განცხადებით, 112-ს, კორონავირუსის მართვის პროცესში, მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა. მათივე თქმით, თითოეულ მოქალაქეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში, შეუძლია დარეკოს 112-ზე.

„კორონავირუსთან დაკავშირებული შეტყობინებები ოპერატორების მხრიდან კლასიფიცირდება და მწვავე შემთხვევები – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, ხოლო არამწვავე გამოძახებები – ოჯახის ექიმებს გადაეცემა“, – წერია 112-ის განცხადებაში.

როგორც უწყებაში ამბობენ, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების მიუხედავად, 112-ში, 24 საათის განმავლობაში, 3000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს. შედეგად, 112-ის განცხადებით, ვისაც რეალურად სჭირდება დახმარება, მაშინ, როცა წამები გადამწყვეტია, შეიძლება 112-ს ვერ დაუკავშირდეს, რაც იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას.

„ინფიცირების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება დატვირთვა. 112 განაგრძობს 24 საათის განმავლობაში, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას, რათა თითოეულმა მოქალაქემ მაღალი სტანდარტის მომსახურება მიიღოს, როგორც გადაუდებელი შემთხვევის დროს, ასევე ვირუსთან დაკავშირებით. მოქალაქეებს კი, გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, 112-ში დარეკონ მხოლოდ მაშინ, როცა საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო/სამაშველო სამსახურების დახმარება დასჭირდებათ.

„ასევე, დაგვიკავშირდით კორონავირუსული სიმპტომების გამოვლენისთანავე, რათა მიიღოთ შესაბამისი კონსულტაცია ოჯახის ექიმისგან. 112 არის გადაუდებელი დახმარების ნომერი, კორონავირუსთან და მის მართვასთან დაკავშირებული საინფორმაციო ტიპის შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მთავრობის ცხელ ხაზს – 144“, – წერია განცხადებაში.


გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, 112-ის ხარვეზებით მუშაობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება.