არამიზნობრივი COVID-ჰოსპიტალიზაციის გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკას ხარჯები არ აუნაზღაურდება - სააგენტო

პუბლიკა

„შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც ომიკრონის ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, არის მსუბუქი და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნია განმარტავს, სიმპტომები რომელიც ახასიათებს ომიკრონის მიმდინარეობას არის სურდო, ხველა, ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე, დიარეა.

„ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს გაციების და გრიპის შემთხვევაში. ასეთ დროს არ არის საჭირო დამატებითი გამოკვლევები და ჰოსპიტალიზაცია”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

როგორც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე თენგიზ გენძეხაძე აცხადებს, უწყება ყოველდღიურად ატარებს კორონავირუსის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მონიტორინგს. მისი თქმით, მონიტორინგის პროცესში შეფასდება ჰოსპიტალიზაციის ობიექტურობა და შედეგი აისახება ანაზღაურებაზე. როგორც ის ამბობს, არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში კლინიკას, სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ აუნაზღაურდება.

„ის შემთხვევები, რომლებიც არ ექვემდებარებოდა ჰოსპიტალიზაციას, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ ანაზღაურდება“, – აცხადებს თენგიზ გენძეხაძე.


ბოლო ერთ კვირაში (10 ივლისი – 17 ივლისი) საქართველოში კორონავირუსის 7 812 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.