არანაირ კანდიდატზე ჩვენ თანხმობა არ გვითქვამს - ალეკო ელისაშვილი

პუბლიკა

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ რომ მცირე აზრთა გაცვლა-გამოცვლის მიღმა არანაირი სხვა კომუნიკაცია არ ყოფილა. არანაირ კანდიდატებზე ჩვენ თანხმობა არ გვითქვამს“, – „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისში საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმდა.

„ახლახანს წავიკითხე რომ თურმე ოპოზიცია შეთანხმებულა თბილისში საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე და მათ შორის მეც თურმე დასტური მითქვამს. არ ვიცი ვინ რატომ მისცა თავის თავს უფლება მე და სამოქალაქო მოძრაობას პოლიტიკური ბედი გადაგვიწყვიტოს?! რატომ გადაწყვიტა ნაციონალურმა მოძრაობამ რომ უნდა მიგვითითოს სად ვინ დავაყენოთ კანდიდატურები, ან სად ვის კონკრეტულად უნდა დავუჭიროთ მხარი?“, – წერს ელისაშვილი Facebook-ზე.

ალეკო ელისაშვილის თქმით, „სამოქალაქო მოძრაობა“ საერთო ოპოზიციურ ფორმატში მხოლოდ პროპორციული, სამართლიანი საარჩევნო სისტემის მოსაპოვებლად მონაწილეობს.

„კარგად დაიმახსოვროს ყველამ – ჩვენ საერთო ოპოზიციურ ფორმატში ვართ მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული არჩევნების და პატიოსანი საარჩევნო სისტემის მოპოვების მიზნისთვის! რომელი კანდიდატი სად დავდგებით და ვის დავუჭერთ ან არ დავუჭერთ მხარს ამას გადავწყვეტ ჩვენ თვითონ და არავითარ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის, ან მეორე ნაციონალური მოძრაობის კარნახით“, – წერს ელისაშვილი.

„მთავარმა არხმა“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისში 7 საერთო მაჟორიტარ კანდიდატზე შეთანხმდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით,  2020 წლის არჩევნებში თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის კანდიდატებს შორის შალვა ნათელაშვილი, დავით ბაქრაძე, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე, გიორგი ვაშაძე და ზაალ უდუმაშვილი  იქნებიან.