ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით მოლაპარაკების მომდევნო, IV რაუნდი გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან” დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა. მისივე თქმით, ის პარლამენტში შესვლას არ გეგმავს.
ჟურნალისტისტებმა მას ასევე ჰკითხეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ წევრები პარლამენტში შესვლაზე ფიქრობენ. ელისაშვილმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.
„არანაირად არ შევდივარ პარლამენტში და ვინც მე ამას მაბრალებს, რომ მე შევედი პარლამენტში, არის უბრალოდ ტუტუცი და სათითაოდ გავცემ ყველას პასუხს…“, – განაცხადა ელისაშვილმა.