„არ დგას დღის წესრიგში არანაირი ამნისტიის გამოცემა იმ პირების ქმედებიბისთვის, რომლებმაც დაარღვიეს საგანგებო ან საომარი რეჟიმი, ან კარანტინის და იზოლაციის წესი საგანგებო და საომარი რეჟმის დროს და ამით საფრთხე შეუქმნეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა იმ ჯარიმებთან დაკავშირებით, რომელიც მოქალაქეებს საგანგებო რეჟიმის დარღვევის გამო გამოეწერათ.
საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000-ით.
რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც იზოლაცია/კარანტინის დარღვევისთვის ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს, ოხანაშვილი ამბობს, რომ „სანქციები არის სრულად პროპორციული, ვინაიდან ამ პასუხისმგებლობის მთავარი მიზანია, დავიცვათ ჩვენი საზოგადოება, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე”.
აღნიშნული კანონპროექტით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა ითვალისწინებს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის − 10 000-ით.
ოპოზიციას მიაჩნია, რომ ჯარიმის გამოწერისას სამარალდამცველებს კანონით უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით ჯარიმების ოდენობა თავად განსაზღვროს.
„თუ პოლიციელი ვერ განსაზღვარს სწორად, პირს გასაჩივრების უფლება აქვს და სასამართლოს მაინც უნდა შეეძლოს, მოუხსნას და სხვა ტიპის სახდელი დააკისროს”, – ამბობს დეპუტატი ეკა ბესელია.