არანაირი არაფერი, მარტო ბოღმა, ტალახი, ჭორაობა, ბლა-ბლა-ბლა – ხაბეიშვილი მელიას ინტერვიუზე

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი თავისი კონკურენტის, პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებებს „ბოღმას“ და „ჭორაობას“ უწოდებს და მას უმოქმედობაში სდებს ბრალს.

„აბსოლუტურად დაცლილი პასუხისმგებლობისგან – არანირი გეგმა, არანაირი საქმე… არანაირი პრეზიდენტის ჯანმრთელობა, არანაირი მისი გადაყვანის გზები, არანაირი მოქმედება, არანაირი მოძრაობა… არანაირი კომუნიკაცია ამომრჩეველთან, არანაირი შეხვედრები, არანაირი საქმიანი განხილვა, არანაირი არაფერი… მარტო ბოღმა, ტალახი, ჭორაობა, ბლა-ბლა-ბლა და ბოლოს „სისხლიანი 9 წელიო“…

ჩვენ საქმეს მივხედოთ და მოვემზადოთ მოძრაობისთვის, მოქმედებისთვის პრეზიდენტისა და ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებისთვის“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია, სავარაუდოდ, მისი ჩანაწერების გავრცელების შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა და ინტერვიუ „რეაქციას“ მისცა.

მელიამ გადაცემაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

მისი თქმით, პარტიაში ღირებულებით განსხვავების გამოა დაპირისპირება და მის წინააღმდეგ პროცესები ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიერაა დაგეგმილი.

მელიას აქვს ეჭვი, რომ ჩანაწერების გავრცელების უკან ვანო მერაბიშვილი დგას.