პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ჭორებია და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს იანვრიდან ქვეყანაში, ე.წ. სრული ლოქდაუნი იგეგმება და გადაადგილებაზე შეზღუდვები გამკაცრდება.
„არაფერი არ იცვლება, ჩვენ როგორც განვაცხადეთ, მივყვებით გეგმას, ამ გეგმაში არაფერი არ შეიცვლება, არ იქნებ არანაირი სრული „ლოქდაუნი“, არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე, ავტომობილებით თუ ფეხით.
ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხსნა, სავაჭრო ობიექტები დაიხურება. სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება, არანაირი შეზღუდვა ქვეყანაში გადაადგილებაზე არ დაწესდება და არანაირი სახის სრული „ლოქდაუნი“ ქვეყანაში არ გამოცხადდება, ამის აუცილებლობა არ არსებობს“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, არსებული შეზღუდვების შედეგები უკვე იგრძნობა ჯანდაცვის სექტორისთვის, რომელიც „მდგრადად უმკლავდება გამოწვევებს“.
მისივე თქმით, რეალური შემსუბუქება, იმისთვის, რომ შედარებითი პროგრესი ეპიდემოულოგიური ვითარების მართვაში იყოს მდგრადი, შესაძლებელია განხილულ იყოს პირველი თემერვლიდან. „უფრო ადრე ეს რისკის ქვეშ აყენებს იმ ძალიან ფრთხილ მიღწევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს“, – აცხადებს გახარია.