არანაირი მილების ჩადება აქ არ დაგვიწყებია – მერის მოადგილე ჭავჭავაძის გამზირის შესახებ

პუბლიკა

თბილისის მერის მოადგილემ,  ირაკლი ბენდელიანმა  ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით მედიასთან განმარტება გააკეთა.

„მინდა, კიდევ ერთხელ განვუმარტო მოსახლეობას, რომ არანაირი მილების ჩადება აქ არ დაგვიწყებია და უფრო მეტი სერიოზულობით თუ მიუდგება კონკრეტული ვიწრო პოლიტიკური ინტერესის მქონე ხალხი ამ საკითხს, უკეთესი იქნება და თავი დაანებონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას . ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში, ეს პროცესი არავისთვის არ იქნება გასაკვირი“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჭების ნიშნულზე წამოწევა, რის შემდეგაც ასფალტის საბოლოო ფენის დაგება დაიწყება.

„თქვენ იცით, რომ ჭავჭავაძის  გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა, ეს არის წყალი, წყალარინები, სანიაღვრე და ა.შ  ახალი ქსელის მოწყობის დროს ბუნებრივია მას სჭირდება ახალი ჭის სახურავები. როდესაც ქვედა ფენის ასფალტის საფარის იგებოდა, იმის გამო, რომ მას მანქანით გადაადგილებისთვის დისკომფორტი არ შეექმნა და გზაზე არ ყოფილიყო ჭის სახურავები წამოწეული, მასზე ასფალტის ქვედა ფენა დაიგო, მაგრამ ყველა ჭის ნიშნული იყო მანამდე აღებული. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია უკვე დასრულების ეტაპს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს , რომ ახლა მიმდინარეობს სწორედ  ჭების ნიშნულზე წამოწევა, რის შემდეგაც უკვე საბოლოო ფენის ასფალტის საფარის დაიგება“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მერის მოადგილის კომენტარს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.