არანაირი მოლოდინი არ არსებობს შეწყალების - პაპუაშვილი სააკაშვილზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი დეპუტატი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოლოდინი არ არსებობს.

„მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლომ უკვე ორ საქმეზე გამოიტანა განაჩენი, კერძოდ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მას მისჯილი აქვს სამი წელი, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე – ექვსი წელი. გარდა ამისა, ორი საქმე, 8 000 000 ლარის გაფლანგვისა და ე.წ. „ტელეიმედის“ საქმე არის განხილვის პროცესში.

მე იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში არ არის მოსახლეობის თუ პოლიტიკოსების ჯგუფი, რომელსაც ექნებათ კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეზე გამოტანილი განაჩენები უნდა აღსრულდეს თუ არა ისე, როგორც ეს იქნა გამოტანილი. ეს განაჩენები ეყრდნობა არა მხოლოდ საქართველოს მართლმსაჯულების გადაწყვეტილებებს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული სააკაშვილის ბრალეულობაზე ამ საქმეში და რაც მთავარია, ეს განაჩენები ეყრდნობა საქართველოს მოსახლეობის სამართლიანობის განწყობასაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, „საბოლოო ჯამში ყველა განაჩენი აღსრულდება“.

„მე არ მგონია, რომ რომელიმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორს ექნება სურვილი, ჩაერიოს მკვლელობისა და ცემის საქმეში ბრალდებული და სასჯელმისჯილი ადამიანის საპატიმროდან დახსნის საკითხში“, – თქვა პაპუაშვილმა.


გუშინ ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ პროკურატურა ამზადებს ნიადაგს ახალ სისხლის სამართლის საქმეებზე, იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.

„სანდო წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას გაგანდობთ. იმდენად აღარ ენდობიან ამ ქალბატონს [სალომე ზურაბიშვილს], რომ პროკურატურაში რამდენიმე ტოპ პროკურორს ახალი სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში სასწრაფოდ ნიადაგის მომზადება დაავალეს იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. ეს შეიძლება გაკეთდეს 5 წუთში იმ საქმეებზე, რაზეც განაჩენი დგას. „ქართულ ოცნებას” რომ ჰქონდეს სათადარიგო რაღაც საქმე, ესეც სასოწარკვეთის მანიშნებელია. ძალიან სარწმუნო ინფორმაციაა”, – აცხადებს მელია