„არანაირი ორგანიზება, შეხვედრა, დაგეგმვა არ ყოფილა“ | ნადირაძემ სასამართლოს ჩვენება მისცა

პუბლიკა

დღეს, 26 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე დაიკითხა – ის გამოძიების მიერ 4 ოქტომბერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორად არის მიჩნეული.

დაკითხვის დასაწყისში მან აღნიშნა, რომ 4 ოქტომბრის აქციის დაანონსების შესახებ მან ბრიფინგიდან გაიგო. ნადირაძის თქმით, არანაირად არ ყოფილა ჩართული ამ პროცესზე.

რა ხდება ამის შემდეგ? – მისი თქმით, 11 სექტემბერს დააკავეს ლევან ხაბეიშვილი. ნადირაძის შეფასებით, აბსურდული ბრალით, პოლიტიკური განცხადების გამო, რამაც მასში გამოიწვია უდიდესი აღშფოთება. ხოლო მას შემდეგ, რაც ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, მას შემდეგ დაიწყო მან მედიაში 4 ოქტომბერთან დაკავშირებით სატელევიზიო ეთერებში სიარული, სადაც ამბობდა, რომ ის არ იყო ორგანიზატორი და რომ აქციაზე მივიდოდა როგორც 4 შვილის მამა და ლევან ხაბეიშვილის მეგობარი.

მოწმის სახით დაკითხვისას მან განაცხადა, რომ ის არათუ რაიმე სახის ძალადობრივი მოქმედების, არამედ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორიც არ ყოფილა. მან პროცესზე გაიხსენა იმ ვიდეოს გადაღების ისტორია, რომელშიც პაატა ბურჭულაძე საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს ასახელებს.

მისი მონათხრობის მიხედვით, არც ის იცოდა, რის თქმას აპირებდა სცენიდან პაატა ბურჭულაძე. როგორც ნადირაძემ თქვა, თავდაპირველად ისიც არ იცოდა, რომ სცენა არა პარლამენტთან, არამედ საკრებულოსთან ეწყობოდა.

„როცა გავიგე, რომ სცენა პარლამენტის წინ არ იყო, გადავინაცვლე თავისუფლების მოედანზე, იმიტომ, რომ მითხრეს, რომ აქ მთავარი აქცია იმართებოდა. იქ იყო ძალიან ბევრი ჟურნალისტი, ჩავერთე ყველა ტელევიზიას, მათ შორის იყვნენ ე.წ. სახელისუფლებო ტელევიზიის წარმომადგენლები, ეს დასანქცირებულები. არაერთი კითხვა იყო იქიდანაც დასმული, რა გეგმები იყო, რას ვაპირებდით და ასე შემდეგ. ვუთხარი, რომ აქცია უნდა დაიწყოს 4 საათზე, ასეა დაანონსებული და მთავარი გეგმები გაჟღერდება ოთხ საათზე, იმიტომ, რომ მე არ ვარ ორგანიზატორი და მთავარ სათქმელს რუსთაველის გამზირზე იტყვის პაატა ბურჭულაძე.

ეს ადამიანი საჯაროდ ისედაც აანონსებდა, რომ ეს იყო საერთო სახალხო შეკრება და მთავარი განცხადებები მის მიერ იქნებოდა გაჟღერებული“, – თქვა ნადირაძემ.

მისი ჩვენების მიხედვით, ჟურნალისტებთან საუბრის შემდეგ საკრებულოში შევიდა, შუადღისკენ კი მედიიდან კიდევ ერთხელ დაუკავშირდნენ და ამჯერად ბესიკის ქუჩაზე მდებარე ბიზნესცენტრში მისვლა სთხოვეს. ნადირაძე ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძესა და პაატა მანჯგალაძეს სწორედ იქ შეხვდა.

ნადირაძის მიხედვით, ბიზნესცენტრში შეკრებილმა პოლიტიკოსებმა თავდაპირველად ფოტოები გადაიღეს, შემდეგ კი ვიდეო, რომელიც მოგვიანებით პაატა ბურჭულაძემ გაავრცელა და მის გვერდით მდგომი პოლიტიკოსები წარადგინა, როგორც „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტი“.

„ფეხით გავემართე, მივედი ბიზნესცენტრში, დიდი ფოიეა. ერთმა ტელევიზიამ ჩამწერა ქვემოთ მისაღებში, ამასობაში იყვნენ უკვე ბატონი პაატა ბურჭულაძეც, მურთაზ ზოდელავაც, თუ არ ვცდები, ბატონი ლაშა ბერიძეც, პაატა მანჯგალაძე მერე მოვიდა, როგორც მახსოვს და სურათს იღებდნენ.

სურათის გადაღება ჩემთვის დიდი პატივია, ბატონ პაატას დიდ პატივს ვცემ, პირველი სურათი იყო და იმედია, არა უკანასკნელი, როცა მასთან ერთად სურათი გადავიღე… მერე ფოტოს მაგვარად ეს ყველაფერი შეიცვალა ვიდეოთი და ის ცნობილი განცხადება გაკეთდა ბატონი პაატას მიერ და სიმართლე რომ გითხრათ, ის შინაარსი, რაც ბატონი პაატას მიერ გაჟღერდა, ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, არანაირი ორგანიზება [არ ყოფილა]. პირველად ეს ხუთი კაცი შევიკრიბეთ მართლა იქ ერთად…

ეს ვიდეო გადავიღეთ, მე არაფერი მითქვამს, ოღონდ არც გვერდზე გავსულვარ, იმიტომ, რომ არაფერი ისეთი არ თქმულა. აქტიურობის მხრივაც, ვამბობ, რომ კი, სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში დავდიოდი“, – თქვა ირაკლი ნადირაძემ.

მისი მონათხრობის მიხედვით, როცა ვიდეო გადაიღეს, თავად ბიზნესცენტრიდან ისევ თავისუფლების მოედანზე დაბრუნდა კვლავ ჟურნალისტებთან სასაუბროდ.

„მე დავტოვე ეს ადამიანები და გადავედი ისევ თავისუფლების მოედნისკენ იმიტომ, რომ ისევ ჟურნალისტებმა მთხოვეს მისვლა. ოთხი საათის ნაცვლად, თუ არ ვცდები, ცოტა დაგვიანებით დაიწყო ყველაფერი, მგონი 1-2 საათის დაგვიანებითაც. იმ ცნობილ კადრში, როცა პაატა ბურჭულაძე მოდის ხალხთან ერთად თავისუფლების მოედნისკენ, მე არ ვარ იმიტომ, რომ უკვე თავისუფლების მოედანზე ვიყავი. მართლაც ზღვა ხალხი მოდიოდა…

რადგან გვიანდებოდა 4 საათზე დაწყება, მე ავედი სცენაზე, ალბათ, 1 საათით ადრე და ვთქვი, რომ აქციაზე ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა და საცობი იყო თბილისის შემოსასვლელში. ბატონმა პაატამ სწორად თქვა, რომ რაიონებიდან, სოფლებიდან, დიასპორიდან იყო უამრავი ხალხი. სოფელი კი არა, ქვეყანა არ დარჩენილა, საიდანაც ჩვენი ემიგრანტები არ ჩამოსულიყვნენ იმიტომ, რომ ამ ადამიანებს აღარ უნდათ თავიანთი საქართველოს ხილვა ასეთ უბედურებაში. ხედავენ, რომ ამ ქვეყანას შეუძლია იყოს ევროპის დონის, სადაც ადამიანს აქვს ღირსეული პენსია, ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა, სამართალი და არ არის კრიმინალი, უბედურება.  

სცენიდან ვილაპარაკე მათ შორის პოლიტიკურ პატიმრებზეც, ეს ვიდეო დევს საქმეში. ვთქვი, რომ ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმარი, დაწყებული მიხეილ სააკაშვილით, გაგრძელებული ლევან ხაბეიშვილით, მზია ამაღლობელით, ყველა, ვინც არის დაკავებული, უნდა ყოფილიყო გათავისუფლებული. ეს არ არის ის ქვეყანა და საზოგადოება, რომელსაც უნდა აშენებდეს ევროპული ქვეყანა“, – თქვა ნადირაძემ.

პოლიტიკოსმა ასევე თქვა, რომ მან პირველად იქ მოისმინა იმ დეკლარაციის ტექსტი, რომელიც პაატა ბურჭულაძემ სცენიდან წაიკითხა, ასევე არ იცნობდა პრეზიდენტის სასახლისკენ წასვლის გეგმას.

„ბატონი პაატა ბურჭულაძე გამოვიდა შემდგომში და წაიკითხა დეკლარაცია, რომლის ტექსტიც იქ გავიგე. არაფერი ძალადობრივი, უკანონო იქ არ ყოფილა. კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირი ორგანიზება, შეხვედრა, დაგეგმვა არ ყოფილა, მსგავსი მტკიცებულებაც არაა საქმეში. 

შემდეგ უკვე ადის სცენაზე ბატონი მურთაზ ზოდელავა და აკეთებს იმ განცხადებას.  სიმართლე რომ გითხრათ, მოულოდნელი განცხადება იყო ესეც, მაგრამ არ გამკვირვებია, იმიტომ, რომ როგორც წესი, ჩვენ არაერთი აქცია გვინახავს, სადაც რუსთაველიდან ხან კანცელარიისკენ მივდივართ, ხან შუშის სასახლისკენ… არაფერი ძალადობრივი მოწოდება იქ არ ყოფილა, ჩავიბაროთ პრეზიდენტის სასახლეო, გასაღები ჩავიბაროთო.  წავართვათ ან ავიღოთ კი არაო, ჩავიბაროთო… წავედით, დავიძარით პრეზიდენტის სასახლესთან“, – თქვა მან.

ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ როცა პრეზიდენტის სასახლესთან ჩავიდნენ, ღობე უკვე გადანგრეული იყო და მიხვდა, რომ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.

„დაახლოებით, 10-15 წუთი დაგვჭირდა და რომ ჩავედით პრეზიდენტის ღობე უკვე წაქცეული იყო. ნუ, გასაგები იყო უკვე ჩემთვის, რომ ეს იყო წინასწარ დადგმული და გამზადებული პროვოკაცია. გადაჭრილი იყო თუ ჩახერხილი, ფაქტია, ღობე იყო წაქცეული… ხალხიც შესული და გადასული იყო. ოპერატორები იყვნენ და ვუთხარი, რომ ყველაფერი გადაეღოთ, რაც იქ ხდებოდა.

გასაგები იყო, რომ ამ ხალხს დაიჭერდნენ. ამიტომ, აბსოლუტურად გააზრებულად და ჩანს ეს კადრებშიც, მე და ბატონმა მურთაზმა ხელი გადავხვიეთ წრფელი გულით – წარმოუდგენელი იყო, რომ აქციაზე, რომელზეც ტელევიზიებიდან მოვუწოდებდი ხალხს მოდით, მშვიდობიანი აქციაა-მეთქი, ხალხი დაეჭირათ და მე გარეთ ვყოფილიყავი – აბსოლუტურად გააზრებულად, შიშველი ხელებით და წრფელი გულით, გადავედი ღობეზე რამდენიმე წამის განმავლობაში.

იქ იყო ბევრი წიწაკის სპრეი და ა.შ. გამოვედი ნახევრად თვალდახუჭული და ჩემი თვალით ვნახე იმ ადამიანებს, რომლებიც უნდათ, რომ მოძალადეებად გამოიყვანონ, როგორ მოჰყავდათ ერთ-ერთი პოლიციელი. ის პოლიციელები, რომლებიც გაიმეტეს და ყველანაირი ეკიპირების გარეშე დააყენეს იქ… კობახიძე რომ გამოდიოდა, წინასწარ ვიცით რაც მოხდება და ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვსო, თუ იცოდნენ, რომ ეს გეგმა იყო, რატომ არ გამოიყვანეს სპეცრაზმი?

ამის შემდეგ, რაც სასწრაფოდან წამოვედი, დავკარგე ეს ადამიანები. პაატა მანჯგალაძე იქ არც მინახავს, არც ბატონი პაატა ბურჭულაძე, ლაშა ბერიძე კადრებში ვნახე, როცა სპრეი შეასხეს. ბატონი მურთაზი და სხვა ვერავინ რომ ვერ დავინახე, ავბრუნდი თავისუფლებაზე, საიდანაც გადავინაცვლე პარლამენტის წინ“, – თქვა ირაკლი ნადირაძემ. 

მისი თქმით, ის საქმეზე ბრალდებული ადამიანების უმრავლესობას არ იცნობს, ზოგ მათგანს კი შორიდან იცნობდა და მათთან ერთად არაფერი დაუორგანიზებია.

„ჩვენ გარდა 53 ადამიანი ჰყავთ დაჭერილი. ლაშა ბერიძე აქ გავიცანი, ბატონ პაატას ჩემი დიდი პატივისცემა, სცენიდან უფრო ვიცნობ, ბატონი პაატა მანჯგალაძე, არაჩვეულებრივი ადამიანი, მას ვიცნობ დიდი ხანია. ბატონი მურთაზი, რომელიც მთელი ცხოვრება ემსახურებოდა კანონის დაცვას და სამართალს, წარმოუდგენელია, რომ ჩართული ყოფილიყო ამაში… [შაიშმელაშვილს] შორიდან ვცემ პატივს, მან არაერთხელ ამხილა სისტემა და ამაზე არიან გადაკიდებულები და ესაა მგონი პირადი შურისძიება, არანაირი შეხება ამ ადამიანთან არ მქონია და ნანა სანდერს საერთოდ არ ვიცნობ. არ ვიცნობ ადამიანებს, ვინც დღეს უსამართლოდ არიან დაკავებულები“, – განაცხადა ნადირაძემ.

პროკურორის შეკითხვაზე, რას ნიშნავს „მშვიდობიანი დამხობა“ და „რევოლუცია”, ნადირაძემ განმარტა:

„მშვიდობიანი რევოლუცია ბევრი გაგებით შეიძლება იყოს, მაგრამ მთავარი ამოსავალი არის მშვიდობიანი. როდესაც ასობით ათასი ადამიანი გამოდის დროშებით, შიშველი ხელებით, წრფელი გულით, ხელისუფლებისთვის ეს უკვე უნდა ნიშნავდეს მშვიდობიანს.

როდესაც შენ ასი ათასი კაცი გეუბნება, რომ შენ არასწორად მიდიხარ, შენ არასწორი მიმართულებით მიგყავს ქვეყანა, რომ აპროტესტებს შენი ხელისუფლების კურსს, იმიტომ რომ ყელში ამოუვიდა უსამართლობა, გაჭირვება, სიღარიბე, გაზრდილი ფასები, გაზრდილი კომუნალური გადასახადები, ანუ ეს ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება. ანუ მშვიდობიანი რევოლუცია ჩემთვის ნიშნავდა, როდესაც ხალხი გამოდის ქუჩაში, ჩვენ არაერთი ფაქტი გვინახავს ასეთი არა მარტო საქართველოში, მსოფლიო მასშტაბითაც და ხელისუფლება მშვიდობიანად მიდის.

[მშვიდობიანი დამხობაც ნიშნავს] ზუსტად იგივე შინაარსს, როდესაც ხელისუფლება თავისი ნებით… მშვიდობიანი დამხობა ჩემი აზრით ნიშნავს მაგას, როდესაც კრიტიკული მასა მოსახლეობის გამოდის ქუჩაში, სადაც ხელისუფლების ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან, რომ რეალურად მათ ზურგს უკან აღარ უმაგრებს ხალხის მხარდაჭერა და შესაბამისად, ისინი ვადამდელ არჩევნებს კი არ ნიშნავენ, რომელსაც ისევ თავისი წესებით ჩაატარებენ, არამედ უბრალოდ მიდიან და შესაბამისად უტოვებენ ხალხს ძალაუფლებას. ეს არის ჩემთვის მშვიდობიანი დამხობა“, – თქვა მან.

შეკითხვაზე, რატომ მოიხსენია პაატა ბურჭულაძემ ის „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრად, ირაკლი ნადირაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის ბიზნესცენტრში ჟურნალისტთან სასაუბროდ მივიდა და შემდეგ პოლიტიკოსებთან ერთად გადაიღო ვიდეო, სადაც მისთვის მოულოდნელად პაატა ბურჭულაძემ წარადგინა, როგორც 4 ოქტომბრის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

„…დამატებითი რაიმე საფუძველი, რომ ამ ვიდეოში მოვხვედრილიყავი, ან მერე რაღაც დამეზუსტებინა, არ ჩავთვალე საჭიროდ. იქაც, სიმართლე გითხრათ, უკანონო ვერაფერი ვერ დავინახე. მაგრამ მთავარი რაც იყო, ალბათ რახან ვჩანდი მთელი არ პერიოდის განმავლობაში, ეს იყო სწორედ ამიტომ გაკეთებული”, – განაცხადა მან.

პროკურორის შეკითხვაზე, რას ნიშნავდა „სასახლის გასაღების ჩაბარება“, ირაკლი ნადირაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ასეთი განცხადება, თუმცა არ გაჰკვირვებია, რადგან სხვა აქციებზეც ყოფილა მსვლელობები სხვადასხვა ობიექტთან.

„ნუ ჩავიბაროთ, ალბათ, ეს იყო სიმბოლურად, იმიტომ რომ დავანახოთ ხელისუფლებას, რომ პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტის, სამინისტროების, მთავრობის კანცელარია, ამ ქვეყანაში ყველა სახელმწიფო და სამთავრობო უწყება ეკუთვნის მის აღმატებულებას ქართველ ხალხს…

ამაში უკანონობა რაიმე, რომ „ჩავიბაროთ პრეზიდენტის სასახლე”, მე პირადად ვერ დავინახე, გეუბნებით, ძალიან მალე უნდა მოვიდეს ის დრო, როდესაც არა მარტო პრეზიდენტის სასახლის გასაღებს, კანცელარიის გასაღებს, პარლამენტის გასაღებს, ყველა სამთავრობო უწყების გასაღებს არჩევნების გზით დაიბრუნებს ის ხალხი, რომელსაც წაართვეს არჩევნები და წაართვეს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი.

…აქციაზე არ იყო მოწოდება, ღობე გადაენგრია ვინმეს და ძალადობრივი ყოფილიყო ეს ყველაფერი. „ჩავიბაროთ სასახლის გასაღები“ არ ნიშნავს იმას, რომ იქ ვიღაცა უნდა წასულიყო და ღობე გადაენგრია. ამ ყველაფრის პროვოცირება, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მოახდინა იმ გადანგრეულმა ღობემ და იქ ჩანერგილი სუსის აგენტ-პროვოკატორებმა…“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.


4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 10 პირის საქმე: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია.

პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავასა და ირაკლი ნადირაძეს ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი:

  • განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად;
  • ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
  • მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.

ლაშა ბერიძეს ორი მუხლით:

  • განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად;
  • ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.

პაატა მანჯგალაძეს:

  • ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.

ირაკლი შაიშმელაშვილი:

  • მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ;

თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკვია:

  • განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად;
  • ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;

გური ჟვანია:

  • ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;