არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ არჩევნები გადავადდეს - თალაკვაძე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში კორონავირუსის პანდემიის პირობებში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შესახებ ისაუბრა.

თალაკვაძის განცხადებით, ამ მომენტისთვის არ არსებობს იმის საფრთხე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ვერ შეძლონ. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები პოლიტიკური ჯგუფების კონსესუსს ეფუძნება.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, კალენდარი ისე გადავალაგოთ, რომ მოხდეს ეს საგაზაფხულო სესიის ფარგლებში. თუ საჭირო იქნება, ვიმუშავებთ ივნისის ბოლომდე, ივლისშიც, მაგრამ, მთავარია, რომ ეს ცვლილებები მივიღოთ და არჩევნები ჩატარდეს შეთანხმებული სისტემით. არანაირი საფუძველი არ მაქვს იმისა, რომ ვთქვა, რომ შეიძლება არჩევნების გადავადება მოხდეს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი განმარტებით, საგანგებო სიტუაციის შეჩერებიდან 60 დღის შემდეგ არჩევნების გამართვა უკვე შესაძლებელია.