არანაირი საფუძველი არ არსებობს შაქრის მხრივ მომარაგების შეფერხების - მინისტრი

პუბლიკა

„არანაირი საფუძველი არ არსებობს შაქრის კუთხით მომარაგების შეფერხების, რადგან ჩვენი ძირითადი მომწოდებელი არ არის არც რუსეთი და არც უკრაინა; ეს პროდუქტი შემოდის ბრაზილიიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან“, – აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.

მისივე თქმით, პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

„რადგანაც გაიზარდა მოთხოვნა და გაიზარდა შესყიდვები მოსახლეობის მხრიდან, დისტრიბუცია ლოგისტიკურ ჯაჭვში ამ პროცესებს ვერ აჰყვა, რაც გამოსწორდება რამდენიმე დღეში და ჩვენ ვნახავთ, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ არის“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმპორტიორები და ბიზნესი მზადაა, იმ პროდუქტებთან მიმართებით, რომელთა მოწოდებაშიც შესაძლოა გარკვეული შეფერხება გაჩნდეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სხვა ბაზრებიდან მოწოდებით ჩაანაცვლოს.

„ჩვენ მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ ჩვენს ბიზნესს, იმპორტიორებს, რათა მათ შესაბამის ბაზრებზე ჰქონდეთ წვდომა და ჩვენი საელჩოების, ჩვენი კოლეგა სამინისტროების მეშვეობით მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ კონტაქტების დამყარებაში და შესაბამისი ბაზრების მოძიებაში. ამ ეტაპზე იმპორტიორი ქვეყნების ჩანაცვლების საჭიროება არ დგას“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მარაგის შექმნის საჭიროება არ არსებობს.

„გახსოვთ, პანდემიის დასაწყისშიც ადგილი ჰქონდა პანიკურ შესყიდვებს, რის გამოც იყო გარკვეული პროდუქტების დეფიციტი დახლებზე. თუმცა, არც მაშინ იყო ეს მარაგების უქონლობით გამოწვეული, არამედ გამოწვეული იყო იმ პროცესებით, რაც მოსახლეობის მხრიდან მარაგების შექმნას უკავშირდებოდა. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მარაგის შექმნის და ამ მიზნით ზედმეტი შესყიდვების განხორციელების საჭიროება არ არსებობს, რადგან ჩვენ ყველა მიმართულებით, არა მარტო პირველადი მოხმარების, არამედ სხვა პროდუქტების მხრივ შესაბამისი მარაგები გვაქვს და ამას დაინახავს საზოგადოება მომავალ დღეებში”, – განაცხადა შამუგიამ.