არასამთავრობოებმა სუს-ის მიერ სავარაუდო უკანონო მოსმენის გამო პროკურატურას მიმართეს

პუბლიკა

სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროკურატურას მიმართავენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ.

საქმე ეხება ნიკა გვარამიას მიერ „მთავარის არხის“ ეთერში გასაჯაროებულ დოკუმენტებს, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციების წრამომადგენლებს, პოლიტიკოსებსა და სასულიერო პირებს უსმენს.

„ასეთი რაღაცები ხდება ავტორიტარულ ქვეყნებში. იმ ქვეყნებში, სადაც ერთპიროვნული მმართველები კანონის უზენაესობის უგულებელყოფით მართავენ სახელმწიფოებს. სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყანაც იმ მავნე ტრადიციას აგრძელებს, რის გამოც ძალიან მკაცრი პასუხი მიიღო წინა ხელისუფლებამ, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალმა ხელისუფლებამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ კარგად ფუთავს და ინახავს მასალებს. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, ამ მასალებმა რომ მათგან გაჟონა, ამიტომ ეჭვი არა მეპარება, რომ ჩვენი საუბარი მიყურადებული იყო ხელისუფლების მხრიდან, რადგან შეუძლებელია, სხვას ობიექტურად სცოდნოდა, რა ვისაუბრეთ მე და გიორგი ონიანმა ერთმანეთთან“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძე GDI-ის წარმომადგენელმა „ფორმულას“ ეთერში საუბრისას.

ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში წაიკითხა ინფორმაცია, რომელიც, მისი თქმით, თვალთვალითა და მიყურადებითაა მოპოვებული და სუსი მას ივანიშვილს აწვდის.