„არასათანადო მოპყრობის სისტემურობა იზომება მოპყრობის მასშტაბით" | მიქელაძე იოსელიანს პასუხობს

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ლევან იოსელიანმა გუშინ, 15 იანვარს „ტვ პირველის” ეთერში საპროტესტო აქციებზე დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე ისაუბრა, რა დროსაც განაცხადა:

„სისტემური არც მაშინ გვითქვამს. ვახსენე [სიტყვა წამება], ეს კანონში წერია უბრალოდ, დეფინიციაა ამდაგვარი. ზოგიერთმა შემთხვევამ შესაძლოა ამ დეფინიციას მიაღწიოს, და ასეთი კვალიფიკაციით დაკვალიფიცირდეს ჩვენი აზრით.

…მე ხომ არ ვარ საგამოძიებო უწყება არა?!, უბრალოდ ჩვენ რაც ვნახეთ.. რა მდგომარეობაშიც იყვნენ ადამიანები, რა პირობებშიც მათ მოუხდათ ტრანსპორტირება დაკავების მომენტიდან იზოლატორამდე, ამ პერიოდში რა ზეწოლასაც გაუძლეს, როგორც მათ ექცეოდნენ, რა ისტორიებიც მოვისმინეთ, ამ ისტორიების გათვალისწინებით ვთქვით, რომ ეს თუ ასე არის მართლა, ეს ხომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ხომ შეიძლება რაღაც ისე არ იყოს… ეს თუ ასე არის მართლა ეს შეიძლება გაუთანაბრდეს წამებას”.

თამთა მიქელაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„გუშინ სახალხო დამცველს უთქვამს, რომ

  1. წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახველი მოპყრობის შემთხვევები რომ სისტემური იყო, ეს ჩვენ არ გვითქვამსო.
  2. მხოლოდ დაკავებული პირების მონათხრობი უჩვენებდა, რომ წამებას აღწევდა მოპყრობა, მაგრამ ჩვენ ამას ზუსტად ვერ ვიტყვით, გამოძიების ორგანო ხომ არ ვართო.

მოდით, ავხსნი რამდენიმე საბაზისო საკითხს.

რას ნიშნავს არასათანადო მოპყრობის სისტემურობა?

სისტემურობა იზომება ამგვარი მოპყრობის რაოდენობრივი მასშტაბით, მოპყრობის განმეორებადი ბუნებით (პატერნით), სამართალდამცავების და მათი ხელმძღვანელების უშუალო მონაწილეობით, გამოძიებისა და ანგარიშვალდებულების სისტემის არარსებობით, სასამართლო ან სხვა სტრუქტურული ფაქტორებით, რომელსაც არ შეუძლია ამგვარი დანაშაულების პრევენცია და დასჯა, კონკრეტული ჯგუფის მიზანში ამოღებით.

ჩვენს შემთხვევაში დაკავებული პირების 80% ჰქონდა ძალადობის გამოცდილება, ისინი ჰყვებოდნენ სხვადასხვა დროს და ადგილას არასათანადო მოპყრობის მსგავსი მეთოდების გამოყენებას, ყვებოდნენ იმაზეც, რომ ამგვარ მოპყრობას სამართალდამცავები მათი ხელმძღვანელების თვალწინ და კონტროლის ქვეშ ჩადიოდნენ და ზოგჯერ მათი მითითებით, ამ დრომდე არც ერთი პოლიციელი არ არის იდენტიფიცირებული, დასჯილი, და უფლებამოსილებაშეჩერებულიც კი, სასამართლო რჩებოდა სრულიად ბრმა და უმოქმედო დაკავებულების დაზიანებებისა და მათ მიერ მოყოლილი უმძიმესი ისტორიების მიმართ, გდდ-ს ძალებს არ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, რაც დაუსჯელობის ინსტიტუციური მიზეზია, ეს პრაქტიკა სწორედ მშვიდობიან პროტესტანტებს გავრცელდა და მათი დასჯის მიზანს ატარებდა, პოლიციელები ძალადობის დროს პირდაპირ უთითებდნენ ამას.

ამიტომ არ მესმის, რას ნიშნავს, რომ ვერ იტყვის და არ უთქვამს, რომ არასათანადო მოპყრობა სისტემური იყო?!

ანუ სახალხო დამცველის აპარატმა დაკარგა სინამდვილის ასახვის შესაძლებლობა და რეჟიმთან კოოპტაცია დაიწყო?!

აქამდე მათ მოქმედების არაეფექტიანობას ვუწუნებდით, მაგრამ ახლა სიმართლის თქმის პრობლემა დგება ესე იგი უკვე?! ამაზე აუცილებლად უნდა გააკეთოს აპარატმა მკაფიო განცხადება და გავიგოთ რა ვერ თქვა სწორედ და რისი თქმა უნდოდა ლევან იოსელიანს.

დამოუკიდებელი ორგანოების მიერ სიმართლის დადგენის საკითხი

რაც შეეხება ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო და ჩვენ მხოლოდ ის ვთქვით, რასაც დაკავებულები ამბობდნენო და ეს ხომ საბოლოო კვალიფიკაცია ვერ იქნებაო.

სახალხო დამცველს ასევე უნდა ავუხსნათ, რომ არსებობს დამოუკიდებელი მონიტორინგის მეთოდოლოგია, როცა არასაგამოძიებო აქტორებს შეუძლიათ საკმარისი რაოდენობის ადამიანების გამოკითხვით, სამედიცინო დოკუმენტების შესწავლით, საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ამტკიცოს დანაშაულებრივი პრაქტიკები. ცხადია, საბოლოო კვალიფიკაცია გამოძიებაზეა, მაგრამ როცა ასეთი გამოძიება არ არსებობს, მინიმუმ ეს ხომ უნდა თქვა და შენი მხრიდან მეთოდოლოგიურად გამართული მონიტორინგის შედეგებზე სერიოზულად და დამაჯერებლად ილაპარაკო?!

და დიახ, დაზარალებულის მონაყოლს უნდა ენდოთ, მით უფრო როცა ასეულობით ადამიანი ერთიდაიგივეს ყვება. დიახ, ადამიანების ნდობით იწყება უფლებადაცვითი საქმიანობა.

დღეს სახალხო დამცველი მისი სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას უნდა აკეთებდეს შეკრებების დარბევისა და წამების პრაქტიკაზე და ეს ანგარიში უნდა გაქონდეს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.

დღეს სახალხო დამცველი ეროვნული პრევენციის მექანიზმის გაფართოებაზე უნდა მუშაობდეს და საზოგადოებრივი მონიტორინგის ახალი მეთოდოლოგიების დანერგვაზე, როცა ქვეყანა ავტორიტარულ ჩიხშია შესული”, – წერს მიქელაძე.