„არასდროს ვაქცევდი ყურადღებას დიზაინერების სექსუალურ ორიენტაციას; ვიმოსები იმით, რაც მომწონს”, – აცხადებს ჰომოფობიური, პრორუსული და ძალადობრივი პარტიის, „ალტ-ინფოს” ლიდერი კოკა მორგოშია.
გუშინ, 1 ივნისს საგანგებო შეხვედრაზე ჰომოფობიური, პრორუსული და ძალადობრივი პარტიის, „ალტ-ინფოს“ ლიდერმა, კოკა მორგოშიამ პრაიდფესტივალის წინააღმდეგ მობილიზება ცნობილი გეიდიზაინერის, ჯანი ვერსაჩეს მიერ დაფუძნებული მოდის სახლის მაისურით დააანონსა.
„არასდროს ვაქცევდი ყურადღებას დიზაინერების სექსუალურ ორიენტაციას, არადა ისინი მე მეძახიან ჰომოფობს, მოძალადესა და ბნელს. ვიმოსები იმით, რაც მომწონს. ეს არის და ეს.
ხაზს დიზაინერების სექსუალურ ორიენტაციაზე უსვამს ის ხალხი, რომლებიც თავისი ჭკუით მე მარიგებენ ათასგვარი რჩევა-დარიგებებით მთელი დღის მანძილზე.
რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. რა ვიცი პირიქით, სატირალია, სასაცილო რომ არ იყოს.
ერთადერთი ამ მაისურს, რომელიც დღეს იყო ტოპ თემა, 3 ივლისს გავუგზავნი ქალბატონ კელი დეგნანს, საჩუქრად. ეს პირობა შემიძლია დავდო“, – განაცხადა მან.
ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წევრები „პრაიდის კვირეულის“ წინააღმდეგ მობილიზებას გეგმავენ.
2021 წლის 5 ივლისს მათ მიერ ორგანიზებული ძალადობრივი მოვლენების შედეგად მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებებს ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არცერთი პირი არ დაუკავებია.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაატარონ ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები ძალადობის თავიდან ასაცილებლად.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრევენციის მიზნით ექნება თუ არა რეაგირება უწყებას. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.