„ვიღაც „პოლიტიკური მოღვაწეების“ მოთხოვნის გამო, როგორ გგონიათ, ეს სერიოზულია? არასერიოზულია!“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, შეკითხვას შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
„შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა, გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება. არანაირი კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთი საქმეც [შაქარაშვილის საქმე] და მეორეც [ბაჩალიაშვილის საქმე] სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ბოლომდე იქნება მიყვანილი. ვიღაც „პოლიტიკური მოღვაწეების“ მოთხოვნის გამო, როგორ გგონიათ ეს სერიოზულია? არასერიოზულია!“, – განაცხადა გახარიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციები გაიმართა გუშინ და გუშინწინ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს და საქმეების დროულ გამოძებას მოითხოვენ.
აქციაზე „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა აცხადებდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს.
სამინისტროსთან აქცია 22 ივლისსაც გაიმართა. „ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული“ – ამ სახელწოდებით აქცია 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაიგეგმა.