არასოდეს გავაკეთებ იმას, რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენს მდგომარეობას - ღარიბაშვილი სანქციებზე

პუბლიკა

„ყოველთვის ვიხელმძღვანელებ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არასოდეს გავაკეთებ იმას, რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენს მდგომარეობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2-ზე“ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ხომ არ განიხილავს საქართველო რუსეთის მიმართ აშშ-სგან დაწესებულ სანქციებზე მიერთებას.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აკვირდება სიტუაციას, თუ როგორ იმოქმედებს დასავლეთი და რა საპასუხო ზომებს მიიღებს რუსეთის „ტესტზე“.

„ერთი რამ მინდა, ძალიან მკაფიოდ და ნათლად ვთქვა, რომ არ იყოს სპეკულაციები და რაიმე პასუხგაუცემელი კითხვა. მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელი არის ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ყოველთვის ვიხელმძღვანელებ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

ნებისმიერი სიტყვა, საქმე, გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოსთან, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვასთან, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებთ და ვიხელმძღვანელებთ. სხვა ყველაფერს, რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენი მდგომარეობას, ან ჩვენი მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს, მე ამას არასოდეს გავაკეთებ. ეს არის ძალიან ცხადი ნათქვამი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.