არასრულფასოვანი კვების გამო 75 მლნ ბავშვს განვითარების ჩამორჩენა ჰქონდა, 17 მლნ-ს –  წონის დეფიციტი – ანგარიში

პუბლიკა

გაეროს, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების საერთაშორისო ალიანსმა, რომელიც  უკიდურესი შიმშილის ძირეული მიზეზების აღმოფხვრაზე მუშაობს, ახალი წლიური გამოცემა გამოსცა – „გლობალური ანგარიში სასურსათო კრიზისის შესახებ“.

ანგარიშში, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ 2019 წლის ბოლოს 135 მილიონი ადამიანი, 55 ქვეყნისა და ტერიტორიის მასშტაბით, სურსათის მწვავე უკმარისობის საფრთხის წინაშე იდგა. დამატებით, 2019 წელს  სასურსათო კრიზისის მქონე 55 ქვეყანაში, რომლებიც მიმოხილულია ანგარიშში, 75 მილიონ ბავშვს განვითარების ჩამორჩენა ჰქონდა არასრულფასოვანი კვების გამო, ხოლო 17 მილიონს – წონის დეფიციტი.

სასურსათო კრიზისის შესახებ დღეს გამოქვეყნებულ გლობალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ COVID-19 ახალი სასურსათო რისკის წინაშე აყენებს მოწყვლად ქვეყნებს.

2017 წელს ანგარიშის პირველი გამოცემის შემდეგ, ეს გახლავთ მწვავე სასურსათო საფრთხისა და არასრულფასოვანი კვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელიც „გლობალურმა ქსელმა’“ დააფიქსირა. გარდა ამისა, 2019 წელს 183 მილიონი ადამიანი კლასიფიცირდა, როგორც „სტრესულ მდგომარეობაში მყოფი’“ (IPC/CH, ფაზა 2) – მწვავე შიმშილის ზღვარზე და კრიზისის დადგომის რისკის წინაშე ან უარეს მდგომარეობაში ((IPC/CH ფაზა 3 ან ზემოთ), თუ ისინი აღმოჩნდებიან ძლიერი შოკის ან სტრესფაქტორის წინაშე, მაგ. როგორიცაა COVID-19-ის პანდემია.

ანგარიში შეეხო 135 მილიონ ადამიანს, რომელთაგან ნახევარი (73 მილიონი) ცხოვრობს აფრიკაში; 43 მილიონი შუა აღმოსავლეთსა და აზიაში; 18.5 მილიონი ლათინურ ამერიკასა და კარიბის კუნძულებზე.
ანგარიშში შესწავლილი ტენდენციების ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორებია: კონფლიქტი (მთავარი ფაქტორი, რამაც 77 მილიონი ადამიანი მწვავე სასურსათო კრიზისის წინაშე დააყენა), ექსტრემალური კლიმატური მდგომარეობა (34 მილიონი ადამიანი) და ეკონომიკური არასტაბილურობა (24 მილიონი).